დაკითხვა

უგულავა: პროკურატურა ჩიხშია და პროცესების დაჩქარებას ცდილობს

მერიაში დასრულდა გიგი უგულავას მოწმის სტატუსით დაკითხვა, რომელმაც დაახლოებით 4 საათს გასტანა. თბილისის მერმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. იგი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, პროკურატურა კი ჩქარობს. 

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ჩიხშია და პროცესების დაჩქარებას ცდილობს. ჩიხშია იმიტომ, რომ მოუწევთ 1000-მდე ადამიანის ღია, საჯარო წესით სასამართლოზე დაკითხვა. ბუნებრივია, არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩახუთულ და ბნელ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხვა მოხდეს ღია, საჯარო, სასამართლო წესით".

უგულავას განცხადებით, ბრალდებები რეალურად ხალხის დასაქმებასა და ხელფასების გადახდას ეხება:

"ეს უკვე კარგია, რადგან სამთვიანი ქექვის შემდეგ გამოძიებამ როგორც ჯერკვალი, ისე განაგდო აზრი, რომ ფული ვიღაცამ სახლში წაიღო. პარალელურად კიდევ უფრო აბსურდული გამოძიება ტარდება სოციალური აგენტების შესახებ. აქ საერთოდ აბსურდში შევლენ - მთელს საქართველოში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ეყოლება პროკურატურას დასაკითხი. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ეს სასაცილოა, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში - ვგულისხმობ ეკონომიკას, რომელიც თავზე გვექცევა. სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდი არაფერს ეუბნება ამის შესახებ პრემიერმინისტრს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, იგი მზადაა, ამ რეჟიმში უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ხოლო მთავარი, რაც აწუხებს, ისაა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ამას ხელს უწყობს მთავრობა.

თავის მხრივ, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დაკითხვის შემდეგ აცხადებენ, რომ მათ მერისაგან კონკრეტული პასუხები მიიღეს. სამართალდამცავები არ აკონკრეტებენ, კიდევ ერთხელ დადგება თუ არა მერის დაკითხვის საჭიროება. ამასთან, ამბობენ, რომ კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი არ გამოკვეთილა.

გიგი უგულავას დაკითხვა თბილსერვის ჯგუფის საქმეზე მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უგულავა დაკითხვაზე თბილისის ბიუჯეტიდან 5,2 მილიონის გაფლანგვის საქმეზეა დაბარებული. გამოძიების ცნობით, შპს თბილსერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და კოორდინატორები იყვნენ დასაქმებული. გამოძიების მიხედვით, თბილსერვისის საშტატო და საბიუჯეტო განრიგი გიგი უგულავამ დაამტკიცა. თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და გამომძიებელს საკუთარ კაბინეტში ელოდება.

 

კომენტარები