თბილისის მერია

თბილისის განვითარების ფონდიდან დოკუმენტაცია ამოღეს

თბილისის მერიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის სრული დოკუმენტაცია ამოიღო. მერია აცხადებს, რომ დოკუმენტაციის ამოღება სასამართლოს განჩინების გარეშე მოხდა.

"მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული შუამდგომლობა და თბილისის მერის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ იქნა გამოყენებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამის საპასუხოდ, გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისის განვითარების ფონდიდან მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად ამოიღო. ნათელია, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე (რაც დოკუმენტაციის ამოღებისთვის ზოგადად აუცილებელი წინაპირობაა) დოკუმენტაციის ამოღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საგამოძიებო ორგანოს მიერ უკვე ნოემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს ფონდის საქმიანობის შესწავლა და ამის ხელის შემშლელ არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს თბილისის მერია.

"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა დაარწმუნა როგორც საზოგადოება, ასევე თავად საგამოძიებო ორგანოები თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობაში, მათ სასწრაფო წესით წამოიწყეს ახალი ბრალდების შეთითხვნის პროცესი. ყოველივე ამით კი კვლავ გრძელდება პოლიტიკური ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები