საქართველოს მთავრობა

უსუფაშვილი: პრეზიდენტის ე.წ. მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ''ე.წ. მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს''.

უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დესტრუქციის შემოტანას ცდილობს და ''ფაქტებს ამახინჯებს''. 

''როგორც ჩანს, მისი არჩევანი ასეთია - რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდისთვის. ის დესტრუქციული კომენტარები, გარკვეული სიხარულიც კი ქვეყანაში პრობლემების შექმნაზე, ის არასწორი ფაქტები საბანკო სექტორთან დაკავშირებით, მონდომება იმისა, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში არასწორი ფაქტების ასახვაზე საკუთარი გუნდის წევრების წარუმატებელი მცდელობა ევროკავშირთან ქვეყნის პრობლემების შექმნად გაასაღოს, მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან შესაძლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას პრობლემები შეექმნას - აგრძელებს იმ ლექსიკით საუბარს, რამაც ქვეყანას გაურთულა რუსეთთან ურთიერთობა და სიკეთე არ მოუტანია, ფაქტების დამახინჯება სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მისი განცხადებები, თითქოს კეთილი ნებით დაგვითმო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები, სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეეფერება და ემსახურება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, სრულიად ნაციონალური მოძრაობა აქციოს პასუხისმგებლად იმ ყველაფერზე, რაც შესაძლოა, ცალკეულმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ''ამნისტიის თემა მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლება არ ყოფილა'', რაც, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვამხილო პრეზიდენტი ასეთ ამბავში. მათ მოითხოვეს ამნისტიის ის ვერსია, რომლის გამოც საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია. ძალიან მარტივია ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ საკითხზე დათანხმება და ეს სხვა პრობლემებს გაცილებით ცივილიზებული გზებით მოაგვარებდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის მხრიდან ჯერ ამის სურვილი არ არის, მაგრამ ამით პროცესი არ მთავრდება. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. 

კომენტარები