აგრარული უნივერსიტეტი

ხვალ, 18 მარტს აგრუნის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ

ხვალ, 18 მარტს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან გაუქმებული ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ავტორიზაციიის აღდგენას მინისტრის დანაპირების მიხედვით, - 5 წუთში მოითხოვენ. მათი თქმით, ნაცვლად დანაპირების შესრულებისა,  მათ ვადებში გაწელილი ახალი პროცედურის დაწყებას სთავაზობენ. სტუდენტების განცხადებით, საჭიროა დაინიშნოს ავტორიზაციის საბჭოს ახალი სხდომა, რომელიც 12 მარტის გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს.

გუშინ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ორი წინადადებით პრესას განუცხადა:

"მინდა გაცნობთ, რომ ცენტრში 15 მარტს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია, საიდანაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ახლა კი წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა, რომ მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სწორედ ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი".– განაცხადა მან.

კითხვაზე, კონკრეტულად რა პროცედურებს ითვალისწინებს ავტორიზაცია, ელენე ჯიბლაძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა და ბრიფინგის ოთახი, სადაც საგანგებო განცხადება უნდა გაკეთებულიყო, მალევე დატოვა.

გუშინ საგანგებო ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გამართა. "მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე დარღვეული იყო. ის საბუთები, რომლებიც ახლა შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სტუდენტების უფლებებს, ახლა უკვე კანონის მიხედვით ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას. პროცესი განახლდება ორშაბათიდან და წარიმართება ისე, როგორც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები