ბათუმის ინციდენტი

გენერალური ინსპექცია სამართალდამცველების მიერ ვიდეოფირის დაზიანებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა მოკვლევა, 28 მარტს ბათუმში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მოკვლევის შედეგები სამინისტრომ უწყების ვებგვერდზე გაავრცელა. 
გენერალური ინსპექცია ბათუმში მომხდარ ინციდენტს ორი მიმართულებით იკვლევდა. ერთი ეპიზოდი, საია-ს მძღოლის როინ ფარტენაძის მიერ საგზაო წესების დარღვევას შეეხებოდა, ხოლო მეორე  - ფარტენაძესა და თელიას შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის სათვალთვალო კამერიდან ამოღებას.  
გენერალური ინსპექცია სამართალდამცველების მიერ "ბათუმის სახლის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერის ამოღებას და ვიდეოფირის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დაუდევრობით მოხდა. დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების  გამო, შსს-ის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
შსს აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ბათუმის სახლის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერი განადგურდა, გამოძიებამ სხვა ობიექტიდან ამოიღო ვიდეომასალა. სწორედ ამ მეორე ვიდეომასალიდან  დადგინდა, რომ აჭარის შს სამმართველოს უფროსს, ვალერიან თელიას არ ჩაუდენია სამსახურებრივი გადაცდომა.
"შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია, სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას, რა დროსაც მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე როინ ფარტენაძე. ვ. თელიამ დამრღვევ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, რაზეც როინ ფარტენაძემ რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და ვ. თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ ვ.თელიამ ავტომანქანა უკან დასწია და გააჩერა. ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას. ვ.თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა. ამ დროს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე რ.ფარტენაძის თანმხლები პირი, რომელიც ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ.ფარტენაძის დამშვიდებას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი", - ნათქვამია სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში.

კომენტარები