ევროპის საბჭო

ივანიშვილი: ევროსაბჭოს წინაშე აღებულ მოვალეობებს საქართველო დაჩქარებული ტემპით შეასრულებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ მოვალეობებს საქართველო დაჩქარებული ტემპით შეასრულებს.

"ჩვენ მოკლედ შევეხეთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აქვს ევროსაბჭოს წინაშე. მე დავარწმუნე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, რომ ახალი მთავრობა დაჩქარებული ტემპებით, აუცილებლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ამავდროულად, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთან. დავგეგმეთ ამ ურთიერთობის დალაგების და განვითარების შესაძლებლობები, ასევე, სხვა საკითხები, რაც ევროკავშირთან ჩვენს ინსტიტუციურ თანამშრომლობას ეხება", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა ჟან კლოდ მინიონის თბილისში ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც მაისის ბოლოს შედგება. 

"დარჩენილ დროში ვაჩვენებთ, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ უახლოეს დროში მოახერხოს ევროკავშირში ინტეგრაცია", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, სტრასბურგში ყველა დემოკრატი სასურველი სტუმარია.

"პრემიერმინისტრთან შეხვედრამ მეგობრულ გარემოში ჩაიარა და გულითადი საუბარი შედგა. ყველა დემოკრატი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს იგი, სტრასბურგში სასურველი სტუმარია. მე არ გამოვხატავ აზრს იმ არჩევანზე, რომელსაც ევროპელები აკეთებენ თავისუფალი არჩევნების გზით. საჭიროდ არ ვთვლი, მივცე შეფასება იმ არჩევანს, რომელიც ქართველებმა გასულ წელს გააკეთეს. ამის გაკეთება საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ან ევროპის საბჭოს კომპეტენცია არ არის. ყოველ წელს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, დემოკრატიის სახლში. თქვენ აქ შეგიძლიათ იყოთ, როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა. 

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

კომენტარები