აქცია

აქციის “არა თეოკრატიას” ორგანიზატორები ტელეკომპანიებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

დღეს ტელეკომპანია იმედის და მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებებში დაანონსდა აქცია "არა თეოკრატიას", რომელსაც მოქალაქეთა ჯგუფი დედაენის ბაღში, 19:00 საათზე მართავს.

ქრონიკის წამყვანმა აქციას "ჰომოსექსუალების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული" უწოდა, ხოლო მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს, დედაენის ბაღში საპროტესტო აქციას ჰომოსექსუალები მართავენ.

"ვითხოვთ ბოდიშის მოხდას მეცხრე არხისაგან და ტელეკომპანია იმედისგან. აქცია "არა თეოკრატიას" ორგანიზებულია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ჩემთვის გაუგებარია საიდან ამოიცნო და გამოარკვია ტელეკომპანია იმედმა და მეცხრე არხმა აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სექსუალური ორიენტაცია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ლგბტ ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქცია. ამ აქციას მართავენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ კანონის წინაშე სასულიერო პირები სხვა მოქალაქეებთან შედარებით შეღავათებით არ სარგებლობდნენ. ეს ძალიან საშიში პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში და ამიტომაც იმართება დღეს დედა ენის ბაღში აქცია - არა თეოკრატიას", - ტელეკომპანიების შეცდომას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ლომინაშვილი გამოეხმაურა.

მეცხრე არხმა ახალი ამბების თორმეტსაათიან გამოშვებაში შეცდომა გაასწორა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დედაენის ბაღში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი, სახელწოდებით - არა თეოკრატიას. აქცია 17 მაისის პროცესებითაა ინსპირირებული, როდესაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის, მათ შორის სასულიერო პირების, კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია, შაბათს, 25 მაისს, დღის სამ საათზე პროკურატურასთანაც გაიმართება.

აქციაში მონაწილეობა Facebook-ზე ამ დროისთვის 2000-ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა. მისი მხარდამჭერები ვიდეომიმართვებსაც ავრცელებენ. ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა აქციას არ უერთდება, რადგან თვლიან, რომ მათზე თავდასხმის რისკი მაღალია.

ეროვნული ფრონტის მიერ დაიგეგმა კონტრაქციაც, ლოზუნგით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", რომელიც დედაენის ბაღში იმავე დღეს, 1 საათით ადრე უნდა დაიწყოს. მასში მონაწილეობას Facebook-ზე დაახლოებით 100 ადამიანი ადასტურებს.

კომენტარები