ფეხბურთი

ფინალი, სტარტი და ახალი გამოწვევა

მიუნხენის ბაიერნი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-13 სეზონის გამარჯვებულია. გერმანულ ფინალში მიუნხენელებმა დორტმუნდის ბორუსია დაამარცხეს, ანგარიშით - 2:1.

ჰაინკესისთვის ეს ფინალი ბაიერნში მოღვაწეობის ფინალიცაა. პეპ გვარდიოლას მიუნხენური კარიერა სტარტს 26 ივნისს აიღებს, იურგენ კლოპი კი დამარცხებული და იმედგაცრუებულია. ყვითლების მწვრთნელი ახალი გამოწვევის წინაშეა: იმ დროს, როცა გიოტცეს კვალდაკვალ, გუნდი შეიძლება ლევანდოვსკიმაც დატოვოს, კლოპისგან გულშემატკივრები კვლავინდებურად მაღალი მიზნებისკენ ბრძოლას ითხოვენ.

მთელს მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო ექსპერტი ერთხმად აღნიშნავდა, რომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო ფინალური შეხვედრა, ორივე გუნდმა ფინალამდე ღირსეულად მიაღწია და გერმანულ ფეხბურთს მათი სახით ნამდვილად შესანიშნავი წარმომადგენლები ჰყავს. ბაიერნი შარშანაც იყო ფინალში, მაგრამ დამარცხდა. დამარცხდა საკუთარ სტადიონზე - ალიანც არენაზე და ამიტომ წაგების გემო უფრო მწარე იყო. ვერავინ იტყვის, რომ რეკორდმაისტერი წელს მოგებას არ იმსახურდება, მეტიც მიუნხენელთა ასეთი ტრიუმფი გარკვეულწილად ლოგიკური დასასრულია იმ გზის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ გზას სათავეში ორი ლიდერი ედგა - არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. ჰოლანდიელს ყოველთვის აკრიტიკებდნენ, რომ გადამწყვეტ მომენტებში, იქნებოდა ეს ნაკრებში თუ კლუბში, სათანადოდ ვერ ირჯებოდა, მაგრამ 26 მაისს ასე არ მოხდა. რობენმა გუნდს არ უღალატა, მეტიც, ყველაზე საჭირო დროს ფაქტობრივად იდეალურად ითამაშა.


ფოტო: skysports.com
იქამდე, სანამ მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან ცუდად მოთამაშე დანტეს გამო პენალტი დაიდო, რომელიც გიუნდოგანმა გოლად აქცია, მარიო მანჯუკიჩმა ბაიერნი დააწინაურა. ამ გოლში ფრანკ რიბერის და არიენ რობენის წვლილი დიდია - სწორედ ფრანგმა მოძებნა ჰოლანდიელი, რომელმაც შესანიშნავი გადაცემით ხორვატ ფორვარდს გაატანინა. ბოლოს კი მოხდა ის, რაც სამუდამოდ დარჩება არიენ რობენის და მრავალი გულშემატკივრის მეხსიერებაში: ბაიერნის მეათე ნომერმა რიბერის პასით ისარგებლა, დორტმუნდელთა მეკარე მოატყუა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გოლით პასუხი გაეცა იმ მრავალათასიანთა არმიას, ვინც რობენს აკრიტიკებდა, ლანძღავდა იმის გამო, რომ ხშირად დამასრულებელ ფაზაში სცოდავდა და გადამწყვეტ მომენტებში რეალიზაცია დაეწუნებოდა. ფინალურ შეხვედრაში 29 წლის ჰოლანდიელმა გააკეთა ყველაფერი, რომ მისი გუნდი საჩემპიონო კვარცხლბეკზე ასულიყო. საუბრობენ იმაზე, რომ ბაიერნის ახალ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას რობენის გაყიდვა აქვს ჩაფიქრებული, რომ ის გუნდის გადახალისებას იწყებს, სადაც ჰოლანდიელის ადგილს ვერ ხედავს. თუ ეს მართლაც ასეა, ამაზე უკეთ ბაიერნის ათიანი გულშემატკივრებს ვერ დაემშვიდობებოდა. თავის მხრივ კი კითხვის ნიშანი დაუსვა საკითხს, ღირს კი მისი გუნდიდან გაშვება ?

გვარდიოლას მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული მისია აქვს. მას დახვდა შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში. რეკორდმაისტერის გულშემატკივრები წარმატებებს მიჩვეულნი არიან, გარდა იმისა, რომ ბაიერნი ბუნდესლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, 1 ივნისს გერმანიის თასის ფინალში ითამაშებენ და მესამე ტიტულის მოგების შანსიც აქვთ. გულშემატკივრები გუნდს ჰეთტრიკს თხოვენ - ისინი მაქსიმალისტები არიან და ეს ასეც უნდა იყოს. საუბრობენ იმაზეც, რომ მოგვიანებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი, აუცილებლად რეკორდმაისტერმა უნდა მოიგოს. ვერაფერს იტყვი - არარეალური ფანების სურვილში არაფერია... პეპისთვის რა თქმა უნდა არახალია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა - ის ხომ შესანიშნავი ბარსას მწვრთნელი იყო. იმ ბარსელონის, რომელიც ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, გამოწვევები ბევრია, ჩვენ კი საინტერესო სეზონი გველის. დღეს კი იუპ ჰაინკესი უნდა შევაქოთ, კაცი, რომელმაც შესანიშნავი გუნდი დააყენა. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სკეპტიკოსებმა იმის შესახებ, რომ ეს წარმატება ფეხბურთელების დამსახურება უფროა, ვიდრე მწვრთნელის მონაპოვარი, ასე არაა - იუპი ნამდვილად მაგარია. ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ, ჰაინკესი პირველია, ვინც მიუნხენელებს სიდიადე კვლავ აგრძნობინა. არავინ აკნინებს რიბერის, რობენის, ლამის ან ნოიერის როლს, მაგრამ ამ ბაიერნში მწვრთნელის როლი განუზომელია. ჰაინკესმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვან გაალმა, მოიგო ევროპის უთავრესი საკლუბო ტიტული, თან ლამაზად, ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ეს არ ყოფილა შეხვედრა ვთქვათ, ნიურნბერგის წინააღმდეგ, სადაც რობენის და რიბერის პასები თუ გოლი არავის გაუკვირდებოდა. არა, ეს ფინალში მოხდა, ნავსი გატყდა და ამ ბიჭებმა ეს მოახერხეს.


ფოტო: washingtonpost.com
საგულისხმოა, რომ კვლავ გუნდშია შვაინშტაიგერი, ფეხბურთელი, რომლისგან ძალიან ბევრს ელოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იმაზე მეტს, ვიდრე შეეძლო. ბასტის ჰქონდა ჩავარდნები, ის არ გადასულა არც არსენალში, არც რეალში და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა. მისი როლი დღევანდელ ბაიერნში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ბალახზე მარტინესთან ერთად, შვაინშტაიგერი ცენტრს განაგებს, აქვს ჩავარდნები, მაგრამ დღევანდელი რეკორდმაისტერს ის ჭირდება. გუნდშია ფილიპ ლამი, გუნდის კაპიტანი, რომელიც საოცრად პროდუქტიულია. ლამი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელია და რა გასაკვირია, რომ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ. ის არ არის მხოლოდ მარცხენა მცველი, შეუძლია შეითავსოს ნახევამრცველის მოვალეობებიც და რაც მთავარია ლიდერია. ფილიპი ისევე, როგორც რობენი 29 წლისაა და ნამდვილად საწყენი იქნებოდა, ერთ დროს გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედს, ჩემპიონთა ლიგა ვერ მოეგო. ამ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ტომას მიულერის, ტონი კროოსის, მანუელ ნოიერის დავიდ ალაბასნაირი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებიც არიან. შეიძლება ვინმეს გონია, რომ ამ ფეხბურთელებმა უკვე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს, მაგრამ - არა. გუნდში გვარდიოლა მოდის, ვისთვისაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა არ ესწავლება და ეს ფაქტი ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. კი, რა თქმა უნდა რეკორდმაისტერის შემადგენლობაში სუსტი რგოლებიც არის და ამიტომაცაა საინტერესო, თუ როგორ გამოასწორებს ამ ყველაფერს ესპანელი.

ისევ ფინალს, რომ დავუბრუნდეთ, მთლიანობაში შესანიშნავი სანახაობა ვიხილეთ. ეს იყო ორი ძალიან კარგი გუნდის დაპირისპირება, ამიტომ ლამაზი ფეხბურთი არ გაგვკვირვებია. იურგენ კლოპმა ძალიან ცოტა ფულით, ძალიან მაგარი გუნდი დააყენა. მაგალითად, ფინალურ მატჩში გოლის გამტანი გიუნდოგანი, ყოფილ კლუბში, ნიურნბერგში თამაშისას 7 მილიონ ევროდ ფასობდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონია. ბორუსიაში მოსვლის შემდეგ, 22 მილიონი ევროთი გაიზარდა პოლონელი ლევანდოვსკის ფასი. მოკლედ, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს. დორტმუნდში შესანიშნავი სელექციური სამუშაოები ჩატარდა და კლოპმა ამ ბიჭებისგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი და ამავდროულად ულამაზესი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი დააყენა. რადგან ციფრებს შევეხეთ, იმასაც გეტყვით, რომ transfermarkt-ის მონაცემებით, დღევანდელი ბაიერნის შემადგენლობის საერთო სატრანსფერო ფასი 471.000.000 ევროს შეადგენს, იმ დროს, როცა იგივე მონაცემებით, ბორუსიას ფეხბურთელები, მხოლოდ 205 მილიონ ევროდ ფასობენ. ყვითლების შემადგენლობაში ვერ იპოვით, მაგალითად ტიმოშჩუკისნაირ ფეხბურთელს, რომლის სატრანსფერო ფასიც 14 მილიონად ყიდვის შემდეგ, 2.500.000-მდე ძალიან სწრაფად დაეცა. მოკლედ, დორტმუნდში ფეხბურთელების შერჩევა იციან და ეს ფაქტია. სამწუხაროა, როდესაც გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი, ბუნდესლიგის ფავორიტთაგანი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გამორჩეულ მოთამაშეს კარგავს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ გიოტცე ამიერიდან სიგნალ იდუნა პარკზე აღარ ითამაშებს. თან დაკარგვაცაა და დაკარგვაც - როდესაც საუკეთესო ფეხბურთელი უშუალო კონკურენტში, მიუნხენის ბაიერნში გადადის, დორტმუნდელი ფანების უკმაყოფილება გასაგებია და აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ მის სანაცვლოდ გუნდმა სოლიდური თანხა მიიღო. ეგ კი არა, ყვითლების საუკეთესო მეგოლე ლევანდოვსკის აგენტის განცხადებით, პოლონელის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა დროის საკითხია და კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება. იმედია, მიღებულ თანხას ბორუსია ადეკვატურად გამოიყენებს, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი ტრანსფერები არცერთ ლიგას არ წაადგება. კონკურენტები ერთმანეთს არ უნდა აძლიერებდნენ, გიოტცეს და ლევანდოვსკის კონკურენტ, ისედაც უძლიერეს გუნდში გაყიდვა ნამდვილად არ მგონია, რომ სასარგებლო ფაქტი იყოს თუნდაც ბუნდესლიგის ნეიტრალური მაყურებლისთვის. თუმცა ისიც არის, რომ ფეხბურთელებს წასვლა სურდათ, ამ დროს კი მათი შეკავება რთულია, მაგრამ წასვლაცაა და წასვლაც.

ასეა თუ ისე, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნისგან, უახლოეს მომავალში კვლავაც ლამაზ ფეხბურთს და წარმატებულ ასპარეზობას ველით. ცოტა ხნის წინ, ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე იტირა და განაცხადა „ეს გუნდი კიდევ ბევრს მიაღწევსო". რა ჩემი საქმეა ული ჰიონესი ვის გაუშვებს და ვის მოიყვანს, მაგრამ მგონია, რომ ჰერ იუპი თავს სრულყოფილად ბედნიერად არ გრძნობდა, წასვლა არ სურდა. ბევრი დაიწერა ჰაინკესის გუნდიდან წასვლის შესახებ - თავიდან ამბობდნენ ჭაღარა სპეციალისტს ფეხბურთიდან წასვლა სურსო, ბოლოს კი უკვე ასეთი პირი აღარ უჩანდა. ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან გვარდიოლას გუნდში მოსვლას წინ ვეღარაფერი დაუდგება, თუმცა მაინც საინტერესო ფაქტია, როცა მწვრთნელი გუნდს ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას აგებინებს, გაყავს ქვეყნის თასის ფინალში და ...მიდის. ვნახოთ რა იქნება, ბაიერნს უკვე შესანიშნავი გიოტცე ჰყავს, რომელიც თავის თავში დარწმუნებულ, გამოცდილ ფეხბურთელებს შეუერთდება. გვარდიოლა კორექტივებს აუცილებლად შეიტანს შემადგენლობაში და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულ გუნდს ტაქტიკას იშვიათად უცვლიან, დარწმუნებული ვარ, რომ აქაც იქნება ცვლილებები. ერთი ის კი არის, რომ ასე ნანატრი ნეიმარის ტრანსფერი არ გამოვიდა.. რას ვიზამთ, ალბათ აი ეგ უკვე ზედმეტი იქნებოდა.


ფოტო: abc.net.au
ვფიქრობ, ბორუსიას დროულად მართებს ფინალის დავიწყება და ახალ სეზონზე კონცენტრირება. მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდში საშუალო ასაკი 24 წელია, ამ სეზონმა ბიჭებს ბევრი რამ ასწავლა. როისს, ჰუმელსს და კომპანიას თავის 23-24 წლის ასაკში უკვე ბევრი რამ აქვთ ნანახი. როისი შარშან გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლო აღიარებაა. თუ გიოტცეს კვალს ლევანდოვსკიც მიყვა, დორტმუნდელთა მთავარი მისია პირველ რიგში ჰუმელსის დარი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა იყოს. ეჭვგარეშეა, რომ კლოპი ფეხბურთელებს იყიდის და თან სავარაუდოდ ისეთებს, ბორუსიის ფორმის ტარების ღირსები რომ იყვნენ, მაგრამ ფეხბურთი მარტივი თამაში არ არის, მხოლოდ ტრანსფერის გაფორმება ყველაფერს არ წყვეტს. საკითხავია ვინ როგორ გაივლის გუნდთან ადაპტაციას, რამდენად შეეწყობა კლუბს, ხშირად ამას დრო სჭირდება, ამიტომ ფული ყველაფერს ვერ წყვეტს. კლოპი ჭკვიანი კაცია, სწორად აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და ფიქრობს, რომ კვლავ შეძლებს მწვერვალზე ასასვლელად ბრძოლას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, თუ როდის იქნება ეს შესაძლებელი არ იცის..

დასასრულს კი, მოდი ისევ უშუალოდ ფინალის ირგვლივ ფაქტებსა და კომენტარებს გავეცნოთ:

გერმანული გამოცემები:

Bild.de: „ბავარიამ ტიტული მოიპოვა! თავი მაღლაასწიეთ ბორუსიელებო! თქვენ გულების ჩემპიონები ხართ!"„რობენი - უემბლის მეფე"

Kicker.de: „რობენი ბავარიელებს ევროპულ გვირგვინს ახურავს"

Berliner Zeitung: „ბავარია ევროპულ სამეფო ტახტზე ბრუნდება"

Express.de: „2:1 უემბლიზე! რობენი 89-ე წუთზე იტანს"

Frankfurter Allgemeine: „რობენმა ბავარიას ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა"

Оnline Fokus: „ფსიქოლოგიური ტრავმა დაძლეულია! ბავარიამ როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა"

Spiegel Online: „ბავარია ევროპის ჩემპიონია"

ფეხბურთელები:

არიენ რობენი: „დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლო წუთზე, მე კვლავ მოვახერხე დაცვის გარღვევა და ბურთი კარის ბადეში გადავგზავნე. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღვიქვამ, თუ რა მოხდა... იმდენი ემოციაა - წარმოუდგენელია! იცით რამდენი ადამიანი მეუბნებოდა შეხვედრამდე, რომ გავიტანდი ..."

ტომას მიულერი: „სრულიად დაცლილი ვარ. ორივე ფეხი გადამიბრუნდა... განსაკუთრებით იუპ ჰაინკესის გამო ვარ გახარებული. როდესაც მწვრთნელი სავარაუდოდ, თავის უკანასკნელ საფეხბურთო წელიწადში, რეკორდულ სეზონს ატარებს ბუნდესლიგაში და გუნდს საშუალება აქვს, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგოს, ეს შესანიშნავია."

ფილიპ ლამი: „ის, რასაც გუნდმა ბოლო წლებში მიაღწია, წარმოუდგენელია. დღეს, როგორც იქნა შრომა დაგვიფასდა. ჩვენ იძულებულები ვიყავით, მრავალი დარტყმა გადაგვეტანა."

მეტს ჰუმელსი: „ რა თქმა უნდა იმედგაცრუებულები ვართ. განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გოლი უკანასკნელ წუთებზე გავუშვით. ეს შემთხვევითობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ბავარიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ. ბოლოსკენ ოდნავ დავიღალეთ."

მწვრთნელები:

იურგენ კლოპი: „ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომლის ბედი ბოლოს გადაწყდა. ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავიხარჯეთ. თუმცა, ყველაფერი კანონზომიერია. გულით ვულოცავ გავარიელებს და იუპს. 0:4 რომ წაგვეგო ან 0:5, ჩემთვის უარესი იქნებოდა. ჩვენ ღირსეულად ვითამაშეთ, მაგრამ ბავარაიელებმა ბოლო დარტყმის შესრულება შეძლეს. რობენმა თავის საქმე გააკეთა. შედეგი უნდა მივიღოთ - ეს არ არის პრობლემა. ჩვენ კვლავ შევუტევთ, თუმცა როდის შევძლებთ ამას, არ ვიცი."

იუპ ჰაინკესი: „ პირველ ტაიმში, ჩვენ პირველ რიგში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. შესვენებისას გარკვეული კორექტივები შევიტანე. ფავორიტები ვიყავით და ეს ტვირთი პირველი 20 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. შემდეგ, თანდათან სიმძიმე მოვიცილეთ და შესვენების შემდეგ, მნიშვნელოვნად უკეთ ვითამაშეთ. ამ წარმატების მისაღწევად, საშინლად ბევრი ვიშრომეთ.

 

კომენტარები