ქართველი სამხედროები ავღანეთში

ჟურნალისტი: „თალიბების“ ვიდეოში ПИК-ის საარქივო ვიდეომასალებია გამოყენებული

კადრი ტელეკომპანია ПИК-ის სიუჟეტიდან
Канал ПИК / YouTube

ავღანელი თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპში, რომელიც ქართველი სამხედროების მიმართ მუქარას შეიცავს, ტელეკომპანია ПИК-ის საარქივო ვიდეომასალებია გამოყენებული, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. ამის შესახებ თავის ბლოგზე წერს ტელეკომპანია ПИК-ის ყოფილი კორესპონდენტი, ამჟამად რადიო ეხო კავკაზას ჟურნალისტი თემურ კიღურაძე.

"ვიდეოს ყურადღებით ვუყურე და აღმოვაჩინე კადრები, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ავღანეთში მივლინების დროს, 2010 წელს გადაიღო. ისინი ვიდეოზე 1:30-დან ჩნდება", - წერს ჟურნალისტი და ბლოგზე სიუჟეტის ორიგინალიც მოჰყავს.

"განსხვავება ისაა, რომ "ჯიჰადისტების" ვიდეოზე არ არის ПИК-ის ლოგო. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სიუჟეტის შავ მასალაზე წვდომა ჰქონდა. ПИК-ის მთელი არქივი, წესით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. ის მეც კი არ მაქვს. ისმის კითხვა - ვინ მისცა ვიდეორგოლის ავტორებს სიუჟეტის მასალები? და მეორე კითხვა - რისთვის?", - წერს ბლოგზე თემურ კიღურაძე.

კომენტარები