ქართველი სამხედროები ავღანეთში

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ჯარისკაცებს აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი დახვდნენ და სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს.

აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა. მათ შორის, ეფექტურად შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.

კომენტარები