უმაღლესი განათლება

მარგველაშვილი: მეგონა, კვიტაშვილი დისერტაციის დაწერას აპირებდა

ტაბულა

"კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არანაირი ახალი წესები არ შევუქმენით. ეს წესები თავისთავად განხილვადიც კი არ არის, იმდენად ნათელი და მარტივია", - განაცხადა განათლების მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში.

მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის რექტორის, სანდრო კვიტაშვილის, გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პროცესის პოლიტიზების მცდელობაა:

"როდესაც გავიგე, რომ სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, დისერტაციის დაწერას აპირებდა, რომ გამხდარიყო დოქტორი, რასაც მივესალმებოდი. შემდეგ გავიგე, რომ თურმე სამეცნიერო მუშაობას კი არ აპირებდა, არამედ ახლა ის არის რექტორი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სიმართლე გითხრათ, ამ ნაბიჯში მე ვხედავ იმას, რასაც ვხედავდი მანამდე, მთელ ამ პროცესში. მცდელობას, რომ მოხდეს პროცესის პოლიტიზება. ძალიან რთულია მოხდეს პროცესის პოლიტიზება. შესაძლებელია ერთი საღამოს "ნიუსი" იყოს სანდროს გადადგომა, მეორე საღამოს ნიუსი იყოს მისი გადანიშვნა, მაგრამ რომ შევხედოთ ვითარებას, ვითარება არის მარტივი - ჩვენ ვცდილობთ, რომ ძირითადი თამაშის წესები დავამკვიდროთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არანაირი ახალი წესები არ შევუქმენით. ეს წესები თავისთავად განხილვადიც კი არ არის, იმდენად ნათელი და მარტივია. ის, რომ დეკანი, რექტორი არ შეიძლება იყოს უბრალოდ დიპლომირებული სპეციალისტი, ეს ალბათ არსად არც განიხილება, იმდენად აპრიორი ჭეშმარიტებაა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ალექსანდრე კვიტაშვილმა რექტორის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განათლების უმაღლეს კანონში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. კვიტაშვილი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები