NATO-საქართველო

რასმუსენი 17 მაისს მომხდარ ძალადობას ეხმაურება

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, დღეს, 26 ივნისს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის წევრი მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდება. 

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენი მთავრობა აჩვენებს მზადყოფნას, შეასრულოს ვალდებულებები და ადასტურებს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, თუ თქვენ დააკმაყოფილებებთ აუცილებელ მოთხოვნებს. ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა და კვლავ ძალაშია. ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხოების ძალების რეფორმა განხორციელდეს, რათა ისინი ანგარიშვალდებულნი გახდნენ და შეძლონ გაუმკლავდნენ ყველა საფრთხეს, რაც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას", - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, საქართველოში მთელი რიგი რეფორმები უკვე განხორციელდა, თუმცა პრიორიტეტი მათი გაგრძელება უნდა იყოს. გენერალური მდივანი 17 მაისს განხორციელებულ ძალადობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავს ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

"აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჩაატარა რიგი რეფორმებისა. ახლა პრიორიტეტია რეფორმების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიამ საქართველოში ფესვი გაიდგა - რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და უმცირესობის უფლებების პატივისცემას. ძალადობას, რომელიც 17 მაისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია. ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ დამოუკიდებლობის დღეს თქვენი წვლილი შეიტანეთ მიმართვაში ამის ხაზგასმით. ამასთან, თუ გვინდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიამ ფესვი გაიდგა, პოლიტიკურმა კოაბიტაციამ უნდა იმუშაოს", - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, საქართველომ ნათლად უნდა გამოხატოს კანონის უზენაესობის ერთგულება, იმისთვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. "ეს გახლავთ სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს დემოკრატიისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს იმიჯისთვის, NATO გააგრძელებს ამ გზაზე თქვენ გვერდით დგომას", - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები