NATO-საქართველო

პრეზიდენტი: სერიოზული და პრობლემატური საკითხები დადგა ჩვენ წინაშე

www.chveniambebi.info

მიხეილ სააკაშვილი დღეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა საქართველოსა და NATO-ს დაახლოების მიმართულებით რასმუსენის დამსახურება გაიხსენა. პრეზიდენტი სკეპტიკოსებსაც გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია. 

"ანდერს ფოგ რასმუსენი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. პირველად ის ჩამოვიდა აქ, როგორც დანიის პრემიერმინისტრი, 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მისი სოლიდარობა, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოხატა. მისი მკვეთრი, ვაჟკაცური და, მათ შორის, ძალიან ადამიანური განცხადებები ქართველი ხალხის მიმართ. შემდეგ, როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქართული დემოკრატიისადმი. რასმუსენმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. უნდა ითქვას, რომ მისი გენერალური მდივნობის პირობებში საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. ჩვენ გადაგვიყვანეს ასპირანტ ქვეყანათა კატეგორიაში. ჯერ ლისაბონის სამიტის და შემდეგ ჩიკაგოს სამიტის განცხადებები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თაობაზე იყო სულ უფრო მზარდი და სწორი მიმართულებით გაკეთებული. მათ შორის, რიტორიკული ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, რიტორიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. ხშირად ამბობენ, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება ძალიან ჭიანურდება. წამოვიდა ასეთი პროპაგანდა, რომ NATO არის როგორც ჰორიზონტი, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება. ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ყველა ვიზიტი გენერალური მდივნის საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა ჩამოსვლა. ყველა მინისტერიალი, რომელიც იმართება ბრიუსელში - ეს არის საქართველოს მეტი ინტეგრაცია ამ, ისტორიაში ყველაზე გავლენიან, ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში. ეს არის მეტი დაახლოება, შეიძლება არა იურიდიულად, მაგრამ პოლიტიკურად, მეტი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის. ეს არის მეტი რწმენის გამოხატულება საქართველოს გრძელვადიანი მომავლისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს სტუმრები, ძალიან გვიხარია, როცა გენერალური მდივანი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არ წარმოადგენენ აქ უბრალოდ ტურისტულ ორგანიზაციას, რომელსაც სიამოვნებს მოგზაურობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, NATO-ს ნებისმიერი განცხადება და ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თაობაზე, ისტორიული მნიშვნელობისაა.

"მე მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომლებიც ფიქრობენ - დიდი ამბავი, ჩამოვიდნენ, წავიდნენ, განაცხადეს, რაღაცა თქვეს... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დემოკრატიულ სამყაროში სიტყვებს, განცხადებებს, მხარდაჭერას აქვს კონკრეტული ღირებულება, კონკრეტული ფასი, კონკრეტული გაგრძელება. ის, ვინც ამას არ აფასებს, უბრალოდ მოდის იმ დროიდან, როცა სიტყვები არაფერს არ ნიშნავდა და ძველი და ავტორიტარული სისტემები გვაცხოვრებდნენ სიცრუეში. როცა ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე და ამ ორგანიზაციაზე, ყველა განცხადება, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი, ყველა დეკლარაცია საქართველოსთვის ატარებს ისტორიულად გადამწყვეტ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ასევე ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც მონაწილეობენ ISAF-ის მისიაში, ავღანეთში, მიმაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს საუკეთესო შვილებს, საუკეთესო სახეს ქართული მებრძოლი სულისა და თავისუფლებისმოყვარე სულის საუკეთესო გამოხატულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი ჯარისკაცების - ქართველთა საუკეთესო ნაწილის წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების კეთილდღეობისთვის, საქართველოს მომავლისთვის. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ისტორიული სიამაყე ყოველთვის იყო დიდი პროგრესული კოალიციების წევრობა, საქართველოს გადარჩენა და მომავალი სწორედ ამაშია. ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიქეცით სწორად, როდესაც ჯერ შევედით ავღანეთის ოპერაციაში, შემდეგ გავზარდეთ ჩვენი მონაწილეობა იქ. ეს ასევე ემსახურება ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელსაც საქართველოსთვის აქვს ასევე გადამწყვეტი, ისტორიული მნიშვნელობა", - თქვა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული მომენტია. 

"გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები. მათ შორის - დღეს დილას გადადგმული ძალიან საკამათო და ძალიან საეჭვო ნაბიჯი. ზოგადად, ის საკითხები, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ქართულ დემოკრატიას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც ღიად და ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული მომენტია ამ თვალსაზრისით. გრძელვადიან პრესპექტივაში ჩვენი ქვეყანა გადალახავს ყველა ბარიერს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავხდებით NATO-ს წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან დემოკრატიად. თუმცა ახლა ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს. ძალიან სერიოზული და პრობლემატური საკითხები დადგა ჩვენ წინაშე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები