ეკონომიკური ზრდა

ვაშაძე: ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უნდა გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმის წარმოდგენისაკენ მოუწოდებს. როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ იცის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0% შეადგინა.

ვაშაძე აცხადებს, რომ საგანგაშოა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას გაკეთებული რადიკალურად განსხვავებული კომენტარები. "ერთი მხრივ, პრემიერმინისტრი გვეუბნება, რომ ეს არის გამოწვეული ინფრასტრუქტურული დანახარჯების შემცირებით. მეორე მხრივ, ნარმანია ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურაში 10%-ით მეტია დახარჯული, ვიდრე გასულ წელს", - აღნიშნავს ვაშაძე და ამატებს, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს სახელმწიფო ამ ღრმა კრიზისიდან. "მაისში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 0%, პირველ კვარტალში 42 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ყოველდღიურად ასობით სამუშაო ადგილი იკარგება", - ამბობს ის.

ვაშაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ფინანსთა სამინისტროსგან პასუხის მიღება, თუ როგორ აპირებენ იმ 247 მილიონი ლარის შევსებას, რომელიც ბიუჯეტს პირველი 6 თვის მანძილზე დააკლდა .

"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, წლის ბოლომდე გვექნება მწვავე დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ დანახარჯები უნდა შეამციროს ბიუჯეტმა. რაც ასევე ნიშნავს დიდ პრობლემას წელს და განსაკუთრებულ პრობლემას მომავალ წელს, როცა სოციალური დაპირებების შესრულებაც კი დიდი კითხვის ქვეშ დადგება", - აცხადებს ვაშაძე. 

კომენტარები