ჩემპიონთა ლიგა

დუშან უჰრინი: თუ სტიაუა გოლს გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთ

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

დღეს, დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბუქარესტის სტიაუას უმასპინძლებს. გასულ ეტაპზე, თბილისელებმა ფარერის კუნძულების სტრეიმურის ბარიერი გადალახეს, ხოლო რუმინელები მაკედონიურ ვარდარს გაცდნენ.

რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელსაც ერთხელ უკვე აქვს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოგებული, თბილისში შედეგის მისაღწევად ჩამოვიდა.

"დინამოსთან სათამაშოდ ყოველმხრივ მზად ვართ. ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლა გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ვიდრე წინა რაუნდში. 

დინამო ძლიერი გუნდია, რომელსაც კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს. თბილისელებს კარგად ეხერხებათ როგორც შეტევაში, ასევე კონტრშეტევებზე თამაში.

სტუმრად ფრე ცუდი შედეგი არ იქნება, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სტიაუა ევროთასებზე შინაც და გარეთაც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე სტიაუას მთავარმა მწვრთნელმა, ლაურენციო რეგეკამპფმა.

დღევანდელი მატჩის წინ, იმედიანადაა განწყობილი დინამოს მთავარი მწვრთნელი, დუშან უჰრინი.

"ძალიან კარგ თამაშს ველით. იმის მიუხედავად, რომ რთული მეტოქე გვყავს, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სამი წელი რუმინეთში ვმუშაობდი და ჩემს ხელწერას იქ კარგად იცნობენ. სტიაუა მეც მყავს შესწავლილი. მეტოქე, ჩვენ მსგავსად, შემტევი გუნდია, თუმცა შინ ვთამაშობთ და გამარჯვებას უნდა ვეცადოთ. სტიაუას ძლიერ მხარედ, პირველ რიგში ,შემტევ პოტენციალს მივიჩნევ.

დინამოს ცუდი დაცვა რომ ჰყავდეს, ახლა თქვენ წინაშე არ ვიჯდებოდი. თუ სტიაუა ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთ.

ბოლო წლების განმავლობაში სტიაუაში ბევრი რამ შეიცვალა. გუნდს დიდი პროგრესი აქვს. რუმინეთის ნაკრებში სტიაუას არაერთი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სტიაუასა და რუმინეთის ნაკრების სათამაშო სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება", - განაცხადა დუშან უჰრინმა.

მატჩი დინამოსა და სტიაუას შორის, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

 

კომენტარები