საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევს საქართველოსთან ურთიერთობა "შექმნილი რეალობების" აღიარებით ესახება

wikipedia.org

რუსეთის პრემიერმინისტრი საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას „შექმნილი რეალობების" აღიარების შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად - ამის შესახებ დმიტრი მედვედევმა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, გასაგებია თუ არა მოსკოვისთვის საქართველოს ახალი ხელისუფლების სიგნალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენაა მიმართული და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო, მედვედევი პასუხობს:

„რა თქმა უნდა გასაგებია, ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ყველაფერი გვესმის და მზად ვართ, რომ ეს ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შექმნილი რეალობების გათვალისწინებით. ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, პოზიტივია, მაგალითად, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადაში. მე მგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც კი ხელს არ უნდა უშლიდეს ოლიმპიურ სულს, სპორტულ შეჯიბრებებს. როგორც ცნობილია, ძველ საბერძნეთში სპორტული ასპარეზობები ომებს აბრკოლებდა და ქვეყანაში ვითარების გართულებას ხელს უშლიდა, ამიტომ კარგია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩემი აზრით, დეპოლიტიზებული და სწორი გადაწყვეტილება.ეს ასევე ეხება სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის, სავიზო რეჟიმის გამარტივების, ჰუმანიტარულ, სავაჭრო საკითხებსაც. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის და ჩვენებურად ვაფასებთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს." - ამბობს მედვედევი.

პრემიერმინისტრი საქართველოს შეცდმად მიიჩნევს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც:

„ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით უვიზო რეჟიმს. მაგრამ საკითხი როგორ დგას: ჩვენ ახლა საკმაოდ სპეციფიკური სიტუაცია გვაქვს. სხვათაშორის საქართველომ (და ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო) გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა გარკვეულ პერიოდში საქართველოს ხელმძღვანელობისთვის სრულიად გასაგები მიზეზით და ურთიერთობის ეს არხი გაუქმნდა, მაგრამ თუ ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური კავშირები და თუ არსებობს გადასაჭრელი საკითხების მთელი რიგი, მაშინ ვიზების საკითხი უკანა რიგში ინაცვლებს. ამიტომ ყველა მიმართულებით უნდა ვიმოძრავოთ, მათ შორის, ვიზების გამარტივების მიმართულებით და ყველა სხვა საკითხზე. ისე კი, გარკვეული რეალობების აღიარების შემთხვევაში, ყველა სხვა მიმრთულების დარეგულირების შემთხვევაში, მე შემიძლია წარმოვიდგინო ნებისმიერი პერსპექტივა, მაგრამ ეს შემხვედრი მოძრაობა უნდა იყოს." - მიაჩნია მედვედევს.

 

კომენტარები