რიგის კონფერენცია

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობები გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

"ჩვენმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მკაცრად განსაზღვრა პრიორიტეტები და სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახადა. 2013 წელს ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა დაახლოებით 76 პროცენტით. ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ დაზღვევა, 2013 წლის 1 ივლისიდან  დაზღვეული არიან დაზღვევის ძირითადი პაკეტით," - ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სრული ტექსტი, მის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 2013 წელს, ქვეყნის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდა. 

"სოციალური უსაფრთხოებისა და პენსიონერთათვის 2013 წლის ბიუჯეტში გამოიყო 1,654,722 ლარი, რაც, 2012 წლის ბიუჯეტის მონაცემებთან შედარებით, 20%-იან ზრდას შეესაბამება. დაინერგა ახალი საგადასახადო სისტემა, რომლის მიხედვითაც გადასახადებისგან გათავისუფლდა მოქალაქეთა ის კატეგორია, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6,000 ლარს," - ნათქვამია გამოსვლის ტექსტში.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმაც. 

"მას შემდეგ, რაც ბიზნესი  პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, გაძლიერდა საინვესტიციო აქტივობები.  2013 წლის მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის“ მოხსენებაში საქართველომ  მე-9 ადგილი დაიკავა. ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმაც,  რის შედეგადაც მოვიზიდეთ ახალი ინვესტიციები. დაიგეგმა250–მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება მეტალურგიული ქარხნის ასაშენებლად ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანელი ინვესტორები შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად დაახლოებით მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. საწვავისა და დენის ფასები საშუალოდ  დაახლოებით 10 და 21-27 პროცენტით შემცირდა. სტრატეგიულად შეფასდა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მხარეები და ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ ეკონომიკის მზარდ სექტორებში. იქმნება მრავალმილიონ დოლარიანი დამოუკიდებელი  ფონდი ისეთი სფეროების დასახმარებლად, როგორიცაა ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, ინტერნეტ-ტექნოლოგიები და სამედიცინო პროექტები," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები