ენმ: პრემიერმა რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით კვლავ დაამახინჯა ფაქტები

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ლატვიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრემიერმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ფაქტები დაამახინჯა.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა ლატვიაში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ლატვიურ გაზეთს, სადაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით კვლავ დაამახინჯა ფაქტები. ამით ზიანდება საქართველოს ინტერესები. მან განაცხადა, თითქოს ქართული მხარის მიერ საპასუხო სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მარიონეტული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების დაბომბვებს არ მოჰყოლია მსხვერპლი. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერი არ ფლობს ობიექტურ ინფორმაციას ან ცდილობს დაამახინჯოს არსებული რეალობა. ჩვენ შევახსენებთ მას, რომ ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყო ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს და გააქტიურდა 5 აგვისტოდან, რის გამოც ხუთშივე დაიჭრნენ ჩვენი სოფლების მცხოვრებლები - უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქართული სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენლები. ხოლო 7 რიცხვის დღისითვე სოფელ ავნევის დაბომბვის შედეგად, დაიღუპნენ: შალვა ტრაპაიძე და ვიტალი თავაძე.
ამ ფაქტების დავიწყება ან დამახინჯება არის დაუშვებელი და ხელს უწყობს მხოლოდ რუსეთის ინტერესების განხორციელებას, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფაქტის მიჩქმალვის მიზნით", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ტელეგრაფთან საუბარში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შესახებ ისაუბრა.

"როგორ დაიწყო ყველაფერი - რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ სამი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული, მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი. მას მერე სამი დღე ტელევიზიით აჩვენებდნენ. აუცილებელი იყო ამ სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია, ევროპიდან დამკვირვებელთა გამოძახება - შესაძლოა, ამით ყველაფერი დამთავრებულიყო. მან კი რა გააკეთა? შეიყვანა ტანკები, ჰაერში ააფრინა თვითმფრინავები, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის რეგულარული ნაწილები შემოვიდა. სააკაშვილს არ უნდა ეპასუხა", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები