საქართველოს ეროვნული ნაკრები

ქეცბაია: ხიზანიშვილის წასვლა ნაკრებისთვის დანაკლისია

Temur Ketsbaia
Tabula

თურქული ქაიზერსპორის ფეხბურთელის, ზურაბ ხიზანიშვილის საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, თემურ ქეცბაია გამოეხმაურა. ეროვნული გუნდის მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გამოცდილი მცველის წასვლა ნაკრებისთვის დანაკლისია.

"ჯობდა, რომ დამთავრებულიყო ციკლი და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ეტყობა, გავლენა ბოლოს მომხდარმა ფაქტმა იქონია. ჩემი მდგომარეობაც არც ისე მარტივია, 23 ფეხბურთელი მყავს გუნდში და აქედან ყველას ძირითადში ვერ დავაყენებ. ხიზანიშვილის შემთხვევაში ის იყო, რომ სამ ცენტრალურ მცველს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ამიტომ ვამჯობინეთ, რომ დაგვეყენებინა ის ხალხი, ვინც საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა. ამ თამაშის შემდეგ, შემადგენლობის შეცვლა არც ისე ადვილი იყო და შესაძლოა, ამ უთამაშებლობამაც იმოქმედა ხიზანიშვილის გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ეს დანაკლისია", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 19 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები