თბილისის მერია

მერია: ფული თანამშრომლების კორპორატიული ვახშმებისთვის არ დაგვიხარჯავს

Wikipedia

თბილისის მერია საკრებულოს წევრის ზაზა გაბუნიას ბრალდებებს პასუხობს. მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, თანხა, რომლის რესტორნებში დახარჯვასაც ზაზა გაბუნია მერიას ედავება, ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

"ეს საკითხი სრულიად ხელოვნურად წამოიწყეს. ხარჯი, რომელზეც ზაზა გაბუნია საუბრობს, არის ქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებული და განკუთვნილია სხვადასხვა ოფიციალური და წარმომადგენლობითი ღონისძიებებისთვის. დაახლოებით 200-მდე ღონისძიება განხორციელდა ბიუჯეტის ამ მუხლით გათვალისწინებული თანხებით. ასეთი ტიპის ღონისძიებებს აკეთებს და ამაში ფულს ხარჯავს ყველა სხვა სახელმწიფო უწყება საქართველოში. ეს არის ძალიან ბუნებრივი და სწორი. აღვნიშნავ, რომ ეს თანხები არ არის მერიის თანამშრომლების კორპორატიული ვახშამებისთვის განკუთვნილი თანხები. მინდა ვუთხრა ზაზა გაბუნიას, უმჯობესი იქნება უფრო სერიოზული საკითხებით დაკავდეს", - განაცხადა კუნელაურმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ მერიამ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა ფურშეტებისა და რესტორნების მომსახურებისათვის დახარჯა. პრესკონფერენციაზე მან წარმოადგინა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბეჭედდასმული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, მერიამ 2012 წელს და 2013 წლის ივლისის ჩათვლით ფურშეტებისა და რესტორნების მომსახურებისათვის 484 255 ლარი დახარჯა. ზაზა გაბუნიას მტკიცებით, 2012 წლის იანვრის თვეში, მერიამ უმასპინძლა 3 400 ამხანაგობის თავმჯდომარეს, რაც ბიუჯეტს ერთჯერადად 79 616 ლარი დაუჯდა. გაბუანიას თქმითვე, ამ პერიოდში, 16-26 იანვარს, საკრებულოს იმდროინდელმა უმრავლესობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ამ ფაქტის აღსანიშნავად რესტორანში 80 000 ლარი დახარჯეს. დეპუტატის ინფორმაციით, 2012 წლის მარტში, ამავე მიზნით მერიამ დახარჯა 29 591 ლარი, იგივე განმეორდა 2012 წლის 26 აპრილს, როდესაც მერიამ 120 თანამშრომელზე 24 944 ლარი დახარჯა. ამდენივე 25 000 ლარი დაიხარჯა 2012 წლის 17-19 მაისს 1 300 პერსონაზე. 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიზედვით კი, ზაზა გაბუნიას თქმით, მერიამ 250 პერსონაზე მოწყობილ ალაფურშეტზე 11 640 ლარი დახარჯა. 

"აქ მოტანილი ცალკეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ძვირადღირებული შეხვედრები იმართებოდა პარტიული აქტივისტებისთვის და ბიუჯეტის თანხები იხარჯებოდა პარტიული ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ დადგეს აღნიშნული ქმედების კანონიერების საკითხი, კერძოდ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7.2 მუხლთან მიმართებით, ვთვლით, რომ სამართალდაცავი ორგანოების შემდგომი შესწავლის საგანი უნდა გახდეს", - ამბობს გაბუნია და აღნიშნავს, რომ მერიის ადმინისტრაციის მიერ ბეჭედდასმულ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში პროკურატურას გადაუგზავნიან. 

კომენტარები