პრემიერის კანდიდატურა

უსუფაშვილი: ივანიშვილს დღემდე არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შემცვლელის კანდიდატურაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მისივე თქმით, კოალიცია ქართული ოცნება მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციებს არჩევნების შემდეგ გამართავს.

"როცა ისმის ბრალდება, რომ პრემიერი ივანიშვილი ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას, ვამბობ, რომ ეს ასე არ არის. ბიძინა ივანიშვილს დღემდე არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად და ამ შემთხვევაშიც, მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე დაგეგმილი გვაქვს კოსულტაციები, ოღონდ, არჩევნების დღის შემდეგ. ცხადია, ეს კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ბატონი ბიძინა თავის მოსაზრებას შემოგვთავაზებს და ჩვენსას მოისმენს, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო კანიდიდატის შერჩევის დროს. გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას და ვარიანტს, რომ ჩვენ საერთო აზრამდე ვერ მივიდეთ ან არ მივიდეთ. საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წამოაყენოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა, წარუდგინოს ის პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მოითხოვოს მთავრობის ფორმირებაც. ცხადია, ეს პროცესი იქნება დაცული, მაგრამ ამ ფორმალურ სივრცეში გადასვლამდე იქნება პოლიტიკური კონსულტაციები და ჩვენ შეთანხმებული კანდიდატით გამოვალთ საზოგადოების წინაშე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები