პრემიერის კანდიდატურა

ბაქრაძე: პრემიერის კანიდიდატურა საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ უნდა გადაწყდეს

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის აზრით, პრემიერმინისტრის კანდიდატურა არა ერთი ადამიანის მიერ, არამედ გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის მისაღები განხილვის გზით უნდა გადაწყდეს.

“პრემიერის კანიდიდატურა უნდა გადაწყდეს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის მისაღები განხილვის გზით. პრემიერის კანდიდატურა არ არის სახლში მომვლელის კანდიდატურა, რომ ერთმა ადამიანმა მოიფიქროს, გადაწყვიტოს და შემდეგ გააცნოს საზოგადოებას. დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი ნამდვილად ის იქნება თუ არა პრემიერი, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი საზოგადოება და ხალხი იმსახურებს იმას, რომ მომავალი პრემიერის შესახებ გაიგოს ღიად და გამჭვირვალედ და არა ასეთი კულუარული განხილვების ინტრიგების და მკითხაობის გზით”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის აზრით,  საზოგადოებამ არჩევნებამდე უნდა იცოდეს, “შეუსრულებელი დაპირებები”ვის ხელში აღმოჩნდება.

“ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ წინასწარ იცოდეს პრემიერის კანდიდატურა და იცოდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე გზით. ხალხმა უნდა იცოდეს ვის ხელში აღმოჩნდება შესრულებელი დაპირებები და ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, 76 დაპირება, რაც მთავრობამ გასცა დარჩება მარტო ფურცელზე, თუ ოდესმე შესრულდება. პროცესი და გზა, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ შექმნა ინტრიგა და იდუმალება, ამ საკითხზე მიდის მკითხაობა, მიმაჩნია არასწორად და საზოგადოების უპატივცემულობად”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები