პრემიერის კანდიდატურა

სერგეენკო: არც ჯანდაცვის მინისტრობა ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის პრემიერობა პრიორიტეტული არ არის, თუმცა, ქვეყნის პრიორიტეტი როგორც მოითხოვს, ისე მოიქცევა. როგორც სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, მას არც ჯანდაცვის მინისტრობაზე უოცნებია და ამ ეტაპზე არც პრემიერმინისტრის თანამდებობის საკითხია მნიშვნელოვანი. 

"სულ რაღაც 4 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებს ველოდებით. მთლიანი რესურსი, დაგეგმარება, ამ არჩევნებისკენ არის მიმართული. არჩევნები ჩაივლის და დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები ამ საკითხზე აქტიურ ფაზაში შევა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ერთ დღეში უნდა გადაწყდეს. რაც ქვეყანას დასჭირდება, ის იქნება პრიორიტეტი ჩემთვისაც. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო იმ მოვალეობებს, რომელიც ქვეყნისთვის დროის იმ მონაკვეთში არის საჭირო. ჯანდაცვის მინისტრობაც არ ყოფილა ჩემთვის ბავშვობის ოცნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ კითხვაზე პასუხისას, როგორ მოიქცევა, თუ ბიძინა ივანიშვილი თავის შემცვლელად მას დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოსტის დატოვებას აპირებს. როგორც France Press-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, თანამდებობიდან 24 ნოემბრამდე გადადგება. 

ასევე, პრემიერმინისტრმა 21 ოქტომბერს გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, რომ თავისი შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურიდან ერთ საუკეთესოზე უკვე ჩამოყალიბდა. ივანიშვილის განმარტებით, მომავალი პრემიერი წესიერების და მენეჯმენტის ცოდნის ნიშნით შეარჩია.

"პრემიერი პირველ რიგში, უნდა იყოს პატიოსანი, წესიერი კაცი. უნდა იცოდეს მენეჯმენტი. მინიმუმ, ეს ორი თვისება უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში და განაცხადა, რომ კანდიდატურას კოალიციის პოლიტსაბჭოსთან შეათანხმებს.

"ამ ეტაპზე გუნდისთვის არ მითქვამს, შეიძლება მანაც არ იცის კარგად, ვინც მაქვს თავში... ალბათ, მინიშნებით გრძნობს. რამდენიმე კანდიდატზე ვფიქრობდი, მაგრამ მე მგონი, ერთ საუკეთესოზე ბოლომდე ჩამოვყალიბდი. ახლა ეს აუცილებლად გუნდს უნდა შევუთანხმო", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ შესაძლოა, გუნდმა სხვა კანდიდატურა შესთავაზოს.

 

კომენტარები