ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პრემიერის კანდიდატურა შევარჩიე და მას პოლიტსაბჭოსთან შევათანხმებ

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავისი შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურიდან ერთ საუკეთესოზე უკვე ჩამოყალიბდა. ივანიშვილის თქმით, მომავალი პრემიერი წესიერების და მენეჯმენტის ცოდნის ნიშნით შეარჩია.

"პრემიერი პირველ რიგში, უნდა იყოს პატიოსანი, წესიერი კაცი. უნდა იცოდეს მენეჯმენტი. მინიმუმ ეს ორი თვისება უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში და განაცხადა, რომ კანდიდატურას კოალიციის პოლიტსაბჭოსთან შეათანხმებს.

"ამ ეტაპზე გუნდისთვის არ მითქვამს., შეიძლება მანაც არ იცის კარგად, ვინც მაქვს თავში.. ალბათ, მინიშნებით გრძნობს.. რამდენიმე კანდიდატზე ვფიქრობდი, მაგრამ მე მგონი, ერთ საუკეთესოზე ბოლომდე ჩამოვყალიბდი. ახლა ეს აუცილებლად გუნდს უნდა შევუთანხმო", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ შესაძლოა, გუნდმა სხვა კანდიდატურა შესთავაზოს.

"არ გამოვრიცხავ, საბჭოზევე გამისწორონ, რომ ეს კანდიდატურა კი არა, ის სჯობსო. ამის თეორიულზე მეტ შანსს ვუშვებ. თუ სხვა კანდიდატის უკეთესობაში დამარწმუნებენ, არავის თავზე არ მოვახვევ ჩემს იდეას. განმსაზღვრელი იქნება არგუმენტები, თუმცა იმდენად, რამდენადაც არჩევანი დიდი არ არის, ალბათობაც იმისა, რომ ჩემს მიერ შერჩეულ კანდიდატზე გუნდმა უარი მითხრას, დაბალია. მას ყველა იცნობს, მთვარიდან ხომ არ მოვიყვან პიროვნებას?!", - თქვა პრემიერმა.

იმაზე, რომ ივანიშვილი პრემიერის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ მიიღებდა, რამდენიმე დღის წინ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის თქმით, კოალიცია ქართული ოცნება მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციებს არჩევნების შემდეგ გამართავს.

ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოსტის დატოვებას აპირებს. როგორც France Press-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, თანამდებობიდან 24 ნოემბრამდე გადადგება. 

კომენტარები