Pussy Riot

Pussy Riot-ის პატიმრობაში მყოფი წევრი ციხიდან გადაყვანისას გაუჩინარდა

ნადეჟდა ტოლკონიკოვა
Natalia Kolesnikova/AFP/Getty / http://www.thedailybeast.com/

რუსული პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის პატიმრობაში მყოფი წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა 24 ოქტომბრიდან გაუჩინარებულია. ხელისუფლება ოჯახის წევრებს არ აძლევს ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ტოლკონიკოვას ქმრის, პიოტრ ვერზილოვის ინფორმაციით, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ოქტომბერში ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა მორდოვიას კოლონიაში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 445 კილომეტრში მდებარეობს. ის კოლონიის ადმინისტრაციას ცუდ მოპყრობასა და კანონდარღვევაში ამხელდა და ცდილობდა არასამთავრობო სექტორის ყურადღება მიეპყრო ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობებისათვის.

როგორც ტოლოკონიკოვას ახლობლებისთვისაა ცნობილი, ის სხვა ციხეში, ჩელიაბინსკის მიმართულებით 21 ოქტომბერს მატარებლით წაიყვანეს, თუმცა, Pussy Riot-ის წევრი 24 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს და არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

პიოტრ ვერზილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე ტოლოკონიკოვას დასჯა და მისი სულიერად გატეხვა გადაწყვიტა. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა Pussy Riot-ის სხვა წევრებთან ერთად 2012 წლის გაზაფხულზე დააკავეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის საკათედრო ტაძარში შესრულებული პანკსიმღერის - ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი - გამო. ამ დროისათვის პატიმრობაში ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად რჩება ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მარია ალიოხინა. ისინი 2014 წლის მარტში უნდა გაათავისუფლონ.

BBC წერს, რომ კოლონია მორდოვიაში, სადაც ნადეჟდა ტოლოკონიკოვა იხდიდა სასჯელს, სამუშაო ბანაკები ფუქნციონირებს, რომელიც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ე.წ. გულაგებს გავს.

 

კომენტარები