საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ხვალიდან აღარ მიიღებს

0 კომენტარი

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების მიღება ხვალ 18:00 საათიდან შეწყდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, განცხადებების მიღების შეწყვეტის მიზეზი მსურველთა დიდი რაოდენობა და დროის სიმცირეა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველთა მიმართა. განაცხადების შემოტანა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის სიმცირის გამო, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება ხვალ - 2013 წლის 12 ნოემბრის 18:00 საათიდან შეწყდება",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველთა განცხადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყო. წინა დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს გაუგებარ უარს ეუბნება. ადმინისტრაციამ მოუწოდა მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს პრაქტიკა შეცვალონ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბრის და 21 ოქტომბრის ბრძანებულებებით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის 2023 მოქალაქეს. ამასთან, სააკაშვილმა 14 ოქტომბერს ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის სოფელ ნუსეითში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები