საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება არ არის საფრთხე რუსეთისთვის

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის საგრძნობ გაუმჯობესებას ვერ მივაღწიეთ. როგორც იცით, წლების წინ რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა. გახსოვთ წინა ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და სიძულვილის ენით იყო სავსე. ამის შესახებ ბევრჯერ ვისაუბრეთ. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვთქვით სურვილი, პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ რუსეთთან. ამ ფორმატში, ორმხრივი შეხვედრები იმართება პრემიერმინისტრის წარმომადგენელსა და გრიგორი კარასინს შორის. თქვენ შეიძლება იცით, რომ წარმატებულად ვაუმჯობესებთ იმას, რასაც ტექნიკურ ურთიერთობას ვეძახი, ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობებს. როგორც იცით, ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქტების აკრძალვა გაუქმდა. ეს ყველაფერი ემსახურება ქართველებსა და რუსებს შორის ნდობის აშენების მიზანს. რაც ხელისუფლებაში მოვედით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაგვერეგულირებინა. ეს იყო მათი ძირითადი მიმართვა. ეს ემსახურება ასევე ჩვენს ინტერესებსაც. რუსეთი ჩვენი მეზობელია, და ქართველებსა და რუსეთს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობა იყო. ჩვენ ქართველებს გვახსოვს, რომ ეს ურთიერთობა ისევ არის ჩვენ შორის. იცით, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ ამას ვიაზრებთ. აქედან გამომდინარე, პროცესები, რაც ოკუპაციის ხაზთან დაკავშირებით ხდება, ჩვენთვის გაუგებარია", - თქვა ღარიბაშვილმა.

Russia Today-მ ღარიბაშვილის ასევე ჰკითხა, როგორ აპირებს საქართველო NATO-ს წევრობას, თუ რუსეთი ღიად ამბობს, რომ NATO-ს მის საზღვრებამდე გაფართოებას ყველანაირად ხელს შეუშლის.

"ჩვენ უნდა შევძლოთ, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს საფრთხის შექმნა არ შეუძლია. ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება გვსურს, არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის. ეს ჩვენი ამოცანაა, მე მესმის, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ აუცილებელია დიალოგის გამართვა, ამიტომ არის რეალური მოლაპარაკებები აუცილებელი. მე მინდა, ასევე შევეხო რამდენიმე სიტყვით კონფლიქტების თემას. ეს კონფლიქტები უნდა გადაიჭრას. სხვა შემთხვევაში, ძნელი იქნება რუსეთთან ეფექტური მოლაპარაკების წარმართვა. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ჰკითხა, არის თუ არა მზად რუსეთი სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის. 

"არ ვიცი, და სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენი მთავრობა გამოხატავს თავის სურვილს, აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვისა და რეგულირებისათვის. ჩემი აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, მძიმე ტვირთია. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვას, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის გზით. ეს ყველაზე კარგი სცენარი იქნებოდა. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ წინა მთავრობის დროს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ ჩაერთვებოდა არანაირ დიალოგში სააკაშვილთან, თუმცა, ამას არ გამოუწვევია მავთულხლართების გავლების პროცესი. მაშინ ეს ასეთი ინტენსიური არ იყო. და ახლა, როცა ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, ახლა როცა ჩვენ რეალურად შევცვალეთ რიტორიკა, ახლა როცა არსებობს რეალური სურვილი ურთიერთობების გადატვირთვისა და პირდაპირი დიალოგისთვის საჭირო პირობების მომზადებისა, ყოვლად გაუგებარია, თუ რატომ აგრძელებენ საზღვრის გავლებისა და მავთულხლართების გავლების ინტენსიურ პროცესს. ამგვარად, ჩვენ ბევრი კითხვა დაგვიგროვდა".

ღარიბაშვილის თქმით, ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობის შენების საჭიროებაზე თავად პუტინმა ისაუბრა.

"მიუხედავად ამისა, იგივე პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობის შენების საჭიროებაზე. და ეს პროცესი დაჩქარებულია. საზღვრის გავლების პროცესი ხელს უშლის ნდობის შენების პროცესს. ეს არის ნამდვილად გაუგებარი ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის. ერთის მხრივ, ჩვენ პატიოსნად გვინდა ნდობის აღდგენა ერებს შორის. მეორეს მხრივ, არსებობს საზღვრის გავლების პროცესი, რომელიც ქმნის დიდ დისკომფორტს - ხალხის გატაცების მაგალითები გააქტიურდა, რამდენიმე სახლი გამყოფ ხაზს მიღმა მოექცა. ჩვენი მოსახლეობა ამის გამო შეშფოთებულია.

ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. ჩვენ დავუშვით შეცდომები ადრეულ 90-იანებში, მაგალითად. აქ მხოლოდ ერთი მხარე არ არის სუფთა და უმანკო. მაგრამ ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ. ჩვენ გვტკივა ის, რომ ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები აღარ ცხოვრობენ ჩვენთან. მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აფხაზები და ოსები იძულებულები იქნებიან ჩვენთან იცხოვრონ. და მჯერა, რომ ეს ოცნება ახდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Russia Today-მ ღარიბაშვილს ასევე ჰკითხა - "აფხაზთა და ოსთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ "ჩვენ ვიცხოვრებთ ნებისმიერთან, მაგრამ არა ქართველებთან", რას ეტყოდით მათ?"

"რადიკალები ყველგან არიან. ისინი საქართველოშიც არიან, აფხაზეთსა და ცხინვალშიც. მაგრამ მე ვსაუბრობ მათზე, ვინც რაციონალურად ფიქრობს მათი შვილების მომავალზე და მათ მომავალზე ზოგადად. მე რადიკალურ შეხედულებებზე არ ვსაუბრობ. მათი განცხადებაც, რომ ყველასთან იცხოვრებენ, მაგრამ არა ქართველებთან, გაუგებარია ჩვენთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დაიჯეროს, საფრთხეს არ წარმოვადგენთ. გასულ წელსაც დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ აგრესიულები და არ მივსდევთ წინა ხელისუფლების რადიკალურ პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში. თითქმის ყველა ქვეყანას სურს, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. რატომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა დაძაბული და მოუწესრიგებელი?" - თქვა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები