სასჯელაღსრულების დაწესებულება

პატიმრის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი სოზარ სუბარს მიმართავს

news.ge

მსჯავრდებულის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს  რეკომენდაციით მიმართავს. უჩა ნანუაშვილი ითხოვს, მსჯავრდებულ მირზა გიგლემიანს სასწრაფოდ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხი, ხასიათი, წარმოშობა და ხანდაზმულობა. ასევე, ომბუდსმენის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შემდგომი გამოძიების მიზნით,  საქმე უნდა გადასცეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს მისი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულ მირზა გიგლემიანს. პატიმრის მტკიცებით, ის 2013 წლის 7 დეკემბერს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სცემეს.

"მსჯავრდებულის განცხადებით, 7 დეკემბრის საღამოს მას დაწესებულების თანამშრომელ გიორგისთან მოუვიდა უმნიშვნელო შელაპარაკება. ამ ფაქტიდან 5 წუთში პატიმარი საკნიდან ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს, სადაც დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდნენ, (ერთი - სახელად გია, მეორეს სახელი არ იცის). ოთახში ასევე იყვნენ დაწესებულების თანამშრომელი ნიკა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სხვა თანამშრომლები. როგორც თავად აცხადებს, მას 5 წუთის განმავლობაში სცემდნენ დირექტორის მოადგილეები და სხვა თანამშრომლები, ურტყამდნენ ფეხებს და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლს. შემდეგ საკანში მიჰყავდათ, თუმცა გზაში, დერეფნის გავლისას, მსჯავრდებულმა თავისი ცემის ამბავი სხვა პატიმრებსაც შეატყობინა. ამის შემდეგ, იგი კვლავ ადმინისტრაციის ოთახში დააბრუნეს, დაადეს ხელბორკილები და განმეორებით სცემეს. მსჯავრდებულმა, ასევე, განაცხადა, რომ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები ექიმმაც დააფიქსირა მის სამედიცინო დოკუმენტაციაში" - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში და აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით 2013 წლის 9 დეკემბერს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რა დროსაც მოითხოვა გამოძიების დაწყება. ასევე, მოითხოვა გამოძიების ფარგლებში მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და დერეფანში დამონტაჟებული ვიდეო-თვალით დაფიქსირებული მასალების ამოღება. ომბუდსმენის ინფორმაციით, 11 დეკემბერს მსჯავრდებული სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტმა - ექიმმა მოინახულა. ოქმის მიხედვით, პატიმარს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: შესიებები, მოყვითალო, მოწითალო და მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები, მუქი ფერის სისხლჩაქცევები. 

"ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება. არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად. სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, მსჯავრდებულ მ.გ-ს დაუყონებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა მოხდეს მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, წარმოშობისა და ხანდაზმულობის დადგენა. ამასთან, დაუყოვნებლივ გადაეცეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებული ზემოხსენებული საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა 10 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმარ მირზა გიგლემიანს სცემეს. მისი თქმით, მსჯავრდებულს ხელბორკილები დაადეს ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ, რეჟიმის უფროსმა, სხვა თანხმლებმა პირებმა და სასტიკად გაუსწორდნენ. ბერიკაშვილის მტკიცებით, გიგლემიანს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ.

მეორე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, ამის მიზეზი დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი გახდა. მისივე თქმით, თუ მსჯავრდებულის ცემა არ დადასტურდა, ტრაპაიძე თანამდებობაზე დაბრუნდება.

კომენტარები