ვანო მერაბიშვილის საქმე

დიმიტროვი მერაბიშვილის განცხადებაზე: ამგვარი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს

tabula.ge

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლითაც მან მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ყველაფერი მოკლე დროში უნდა დაზუსტდეს.

"მე, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვუწევ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს. სხვაგვარად, ეს საქართველოს არცთუ ისე კარგ სახელს შეუქმნის. ამგვარი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს" - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

კომენტარები