თბილისის ბიუჯეტი

თბილისის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

თბილისის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს დღეს, 20:30 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა მიიღო. მანამდე, უმცირესობამ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება წარადგინა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კი, ქუჩებისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება ბიუჯეტთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, როგორიც თბილისელებს სჭირდება და არა ისეთი, როგორიც რომელიმე პარტიას სჭირდება.

"ნულამდეა დასული დღევანდელი ქალაქის მთავრობის მიმართ ნდობა. ქალაქის მთავრობაც და მერის მოვალეობის შემსრულებელიც იმ მერმა დანიშნა, რომელიც 50 მილიონის გაფლანგვაშია ბრალდებული. თუ გვინდა, რომ ორდინალური გახდეს ჩვენი ურთიერთობა, უნდა შეწყდეს ქალაქის მთავრობის და გამგებლების მხრიდან ბრალდებების ნიაღვარი. არ შეიძლება მერია გადაიქცეს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ფილიალად. მათი ქმედება ემსგავსება საბოტაჟს. ისინი პასუხისმგებლობით უნდა აღიჭურვონ საკრებულოს და არა ერთი პარტიის მიმართ, რომელიც აეროპორტის ტრასაზე მდებარეობს", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა და აღნიშნა, რომ სურს, მიიწვიოს მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე და მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი პროგრამების განხორციელებას ეშლება ხელი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და საკრებულოს უმცირესობამ საკრებულოს თავმჯდომარისგან კანონმდებლობის გათვალისწინებით, ერთი კვირის ვადაში რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა. შესაბამისი წერილით სევდია უგრეხელიძემ ირაკლი შიხიაშვილს დღეს მიმართა. 

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია.

კომენტარები