რელიგიები

მარგველაშვილი: არ ვიცი, დასაფინანსებელი კონფესიები რა პრინციპით შეარჩიეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილი არ არის იმ რელიგიური ორგანიზაციების შერჩევის პრინციპი, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გარანტი და აღნიშნული საკითხები მისთვის მნიშვნელოვანია.

"მე დეტალურად გავეცნობი ამ კანონპროექტს, ამ შეხედულებას და შემდეგ მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია დააფინანსოს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაბამის საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს.

"ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არათუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, რის გამოც მათი ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ისინი ყველა რელიგიას პატივს თანაბრად სცემენ.

კომენტარები