რელიგიები

ომბუდსმენი: კონფესიების დაფინანსებაზე მთავრობის ინიციატივა პრობლემატურია

news.ge

რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, საქართველოში არსებულმა კიდევ ოთხმა რელიგიურმა გაერთიანებამაც მიიღოს დაფინანსება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ამ კუთხით, მთავრობის ინიციატივა შეიცავს დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრის მკაფიო სურვილს. თუმცა, ომბუდსმენის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენიმე მიზეზის გამო პრობლემატურია.

უჩა ნანუაშვილის აზრით, რელიგიურ გაერთიანებათა დაფინანსების გათვალისწინებული ფორმა ვერ აღმოფხვრის იმ რელიგიური გაერთანებების დისკრიმინაციას, რომლებიც არ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, არამედ შეიძლება გააღრმავოს უთანასწორო გარემო. ასევე, ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი, დოტაციური წესით დაფინანსება არ ეფუძნება მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა) ნებასურვილის გათვალისწინებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი რელიგიური გაერთიანების დაფინანსება სურს ამა თუ იმ გადასახადის გადამხდელს და რა ფორმით;

"მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები რელიგიურ გაერთიანებათა ფართო სპექტრთან კონსულტაციების შედეგად იქნას მიღებული. მთავრობის ინიციატივა კი, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე კონფესიასთან კონსულტაციების შედეგიაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ გაერთიანებათა დაფინანსების თაობაზე მთავრობა გაეცნოს რელიგიათა საბჭოს პოზიციას, რადგან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ამ საკითხს ინტენსიურად განიხილავდა და მას შემუშავებული აქვს საბჭოს წევრებისთვის მისაღები რამდენიმე ვარიანტი. თავის მხრივ, სახალხო დამცველი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ამ თემის ირგვლივ საქართველოს მთავრობასთან ფართო ფორმატის კონსულტაციებში ჩაერთოს" - აცხადებს ნანუაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია დააფინანსოს. შესაბამისი საკითხი მინისტრთა კაბინეტმა გუშინ განიხილა.

"ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არათუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, რის გამოც მათი ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ისინი ყველა რელიგიას პატივს თანაბრად სცემენ.

კომენტარები