მომხმარებელთა უფლებები

MOMXMAREBELI.GE: მონასტრის ბარაქაში კარაქის სახელით მცენარეული ცხიმი იყიდება

momxmarebeli.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია მომხარებელმა, რომელიც დედაქალაქში სხვადასხვა პროდუქციის ხარისხს ლაბორატორიებში ამოწმებს, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი საეკლესიო მაღაზია მცენარეულ ცხიმს კარაქის დასახელებით ყიდის.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნული მაღაზიის პროდუქციის ხარისხის შემოწმება სთხოვა.

"2014 წლის 15 იანვარს მივაკითხეთ მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიას მონასტრის ბარაქა, რომელიც თბილისში, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ მაღაზიაში, გამყიდველის განმარტებით, იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული იმ მეურნეობების წარმოებული პროდუქცია, რომელსაც საპატრიარქომ მისცა კურთხევა. მაღაზიის მაცივარში იდო გუნდებად შეკრული, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა წარწერა კარაქი. შევიძნეთ აღნიშნული პროდუქტი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, მასში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა 0% აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი კარაქს საერთოდ არ შეიცავდა.

ამ შედეგის გადამოწმების მიზნით, 2014 წლის 23 იანვარს განმეორებით შევიძინეთ იმავე მაღაზიაში კვლავ იგივე დაფასოების კარაქი და დამატებით ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული პროდუქტი რომელსაც ჰქონდა წარწერა არაჟან" და აგრეთვე ასაწონი ხაჭო. შეძენილი კარაქი შესამოწმებლად ჩავაბარეთ სამ სხვადასხვა ლაბორატორიას. ერთერთ ლაბორატორიას კი აგრეთვე ვთხოვეთ შეემოწმებინა შეძენილი არაჟანი და ხაჭო", - წერს momxmarebeli.ge თავის ვებგევრდზე.

ორგანიზაციის ცნობით, შემოწმებამ აჩვენა, რომ კარაქის სახელით დაფასოებულ პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 0-10%-ია, არაჟანში რძის ცხიმის მასური წილი 2.5%-ა, ხაშოჭი კი - 1%. momxmarebeli.ge-ს ასევე გამოქვეყნებული აქვს ლაბორატორიების დასკვნები. შეძენილი პროდუქციის ექსპერტიზა ჩატარდა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, ასევე ლაბორატორიებში მომავალი საუკუნე და ნორმა.

"მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი არც ერთი პროდუქტი ნამდვილი რძის პროდუქტი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტი ითხოვს, რომ ასეთი პროდუქტები რძის პროდუქტის დასახელებით არ იყიდებოდეს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ნორმას არ ადგენს. შესაბამისად, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას. თუმცა, მომხმარებელთა უმრავლესობის მოლოდინი საეკლესიო მაღაზიებისადმი, როგორც წესი, პროდუქტის ნატურალურობას და ნამდვილობას უკავშირდება, რაც ამ პროდუქტების შემთხვევაში არასწორი მოლოდინი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე მაღაზია "მონასტრის ბარაქას" (ასეთი დასახელების იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება) და ჩვენთვის უცნობია, გააჩნია თუ არა ამ მაღაზიას რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მისი დასახელებისა და მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, გააკონტროლოს იგი და არ დაუშვას ამ და მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა.

ვფიქრობთ, რომ ეკლესიასთან არსებულ მაღაზიაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე სათანადო იქნება", - აცხადებს momxmarebeli.ge

ტაბულა შეეცადა დაკავშირებოდა მაღაზია მონასტრის ბარაქასა და საპატრიარქოს, თუმცა, უშედეგოდ. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები