პატიმრის გარდაცვალება

არასამთავრობოები პატიმრის გარდაცვალების ფაქტის ეფექტიანად გამოძიებას ითხოვენ

სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსი გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ალიანსი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. ალიანსის განცხადებითვე, უმნიშვნელოვანესია დადგეს გეგუთის #14 დაწესებულების იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც შეეძლოთ მოეხდინათ სათანადო რეაგირება პატიმართა შორის დაპირისპირებაზე და თავიდან აეცილებინათ ასეთი მძიმე შედეგით ინციდენტის დასრულება.

"ბოლო პერიოდში გეგუთის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებაში წესრიგსა და უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ერთადერთი ფაქტი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისის თვეში თითქმის ანალოგიურ ვითარებაში - კერძოდ, პატიმრების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა მსჯავრდებული ლევან კორტავა. ალიანსი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატარონ ყველა ის პრევენციული ღონისძიება პატიმართა კლასიფიკაციისა და განთავსების წესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სათანადო წესრიგს და მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაიყვანს პატიმართა შორის კონფლიქტების, დაპირისპირების და მსგავსი უმძიმესი ფაქტების ალბათობას", - ნათქვამია სისხლის სამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსის განცხადებაში, რომლის ხელმომწერი ორგანიზაციებიც არიან: ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ახალგაზრდა ადვოკატები, საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია (GPPA), ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, საზოგადოებრივი დამცველი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP).

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაცვალა. 

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის, თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები