სასჯელაღსრულების დაწესებულება

ომბუდსმენი: მე-7 დაწესებულებაში პატიმართა უფლებები ირღვევა

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მე-7 დაწესებულების პატიმრებისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელიც არ შელახავს მათ ღირსებას და საფრთხეს არ შეუქმნის მათ ჯანმრთელობას. როგორც ომბუდსმენმა დღეს, თებერვლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მე-7 დაწესებულებაში პატიმართა უფლებები ირღვევა.

"არ არის გამართული სავენტილაციო სისტემა, საკნების ნაწილი ნესტიანია, რაც ტუბერკულოზით დაავადების, ან განმეორებით დაავადების საფრთხეს ქმნის, დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, პატიმრებს არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმელი, საკნებში არ აქვს ტუმბოები და თაროები, რის გამოც, პირადი ნივთები და საკვები იატაკზე და საწოლზე უწყვიათ. ირღვევა ჰიგიენური ნორმები", - ნათქვამია სახალხო დამცველის აგარიშში და აღნიშნულია, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი ჯანმრთელ პატიმრებთან მოათავსეს, ხოლო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი ვადიან თავისუფლებაღკვეთილ მსჯავრდებულებთან ერთად, რაც ნანუაშვილის თქმით, კანონის დარღვევაა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, პატიმრები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ უხეშად და გამომწვევად მიმართავენ.

"მათ განცდებს აძლიერებს ორი პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი და ამ ფაქტის მონაწილე დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა. პატიმართა თქმით, მცირეოდენი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, ეზღუდებათ ტელეფონით სარგებლობის, მიმოწერის, ამანათის მიღების უფლება. პატიმრები აცხადებენ, რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე, განსაკუთრებულ პრეტენზიას გამოთქვამენ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად გადაყვანის გაჭიანურებაზე", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილმა გეგუთის N14 ციხეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მან წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და საქმე მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს.

საქართველოს სახალხო დამცველმა თებერვლის თვეში აპარატის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა თვის განსაკუთრებული მოვლენები, ისაუბრა ხუდონჰესის თემაზე, ასევე, სხვადასხვა ობიექტზე - მათ შორის, მაღაროებსა და საბადოებზე დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებისათვის სახელმწიფო ჩართულობისა და შრომის კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე.

კომენტარები