ერეკლე კოდუას საქმე

პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც შეჰპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

"ეს აშკარად სცილდებოდა კოდუას უფლებამოსილების ფარგლებს. მან სანაცვლოდ მოსთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად. მერაბ რობაქიძე დათანხმდა და მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი „LEXUS GX 470“ მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე, რითაც სარგებლობდნენ თვით ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. მოგვიანებით, ა/მანქანა 20 000 აშშ დოლარად გაასხვისეს სხვა პირზე. გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“, შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომობილი", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

უწყების მტკიცებით, ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც დაჰპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

"რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „LEXUS“-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად. ამას ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების ლექსუსის მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე, რომლის თანხა თვითონ შეიტანა შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის ანგარიშზე და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების ტოიოტა ჰაი-ლუქსის ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა ამხილა და წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა.

კომენტარები