ერეკლე კოდუას საქმე

ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. კოდუას ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, ინტერპოლმა ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ერეკლე კოდუა ინტერპოლმა მოხსნა საერთაშორისო ძებნიდან. ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი კრძალავს ამ ორგანიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ ინტერპოლს ვაწვდიდით ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური ნიშნით. გენერალურმა სამდივნომ შეისწავლა მიწოდებული მასალა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ერეკლე კოდუა იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელმაც, თავის მხრივ, იგი პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა", - განმარტავს კახიძე.

სუს-ის ყოფილ უფროსს საქართველოში აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას სამი ბრალდება აქვს წარდგენილი.

კომენტარები