ერეკლე კოდუას საქმე

კახიძე: სასამართლომ კოდუა მანქანების მოტყუებით მისაკუთრების ნაწილში გაამართლა

თეორემა/ტაბულა

ერეკლე კოდუას ადვოკატი ოთო კახიძე პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, სასამართლომ კოდუა მანქანების მოტყუებით მისაკუთრების ნაწილში გაამართლა.

"ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ერეკლე კოდუა, 2008-09 წლებში, თავის სამუშაო კაბინეტში შეხვდა სხვადასხვა ბრალდებულებს და გათავისუფლების სანაცვლოდ მათ აყიდინა მანქანები, რომლებიც მიისაკუთრა. შესაბამისად, კოდუას ბრალად ედებოდა: ა) მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ისჯება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. პირველ ნაწილში ის გამართლდა, ანუ სასამართლომ დაადგინა, რომ კოდუას თაღლითურად არ მიუსაკუთრებია მანქანები. მეორე ნაწილში გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი და 8 თვე. 2 კვირის განმავლობაში არ გვეცოდინება, თუ კოდუას რომელი ქმედება მიიჩნია მოსამართლემ უფლებამოსილების გადამეტებად.
რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ მანქანების მოტყუებით მისაკუთრების ნაწილში კოდუა არის გამართლებული, და ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ცრუობს", - ამბობს კახიძე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის.

"უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად  აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დოლარად ღირებული „LEXUS GX 470“ ე. კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე. ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ 2008 წელს  გამოყვანილი „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები