TV MR საქართველოს დაჯარიმება

TV MR საქართველოს დამკვეთები: პროცესი დააზარალებს მთელ სარეკლამო ბაზარს

შპს TV MR საქართველოს დამკვეთი ტელეკომპანიების და სარეკლამო სააგენტოების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. როგორც კომპანიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევს TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

"ამ მონაცემების ნებისმიერი პირისათვის გადაცემისთანავე კომპანია ვალდებულია შეცვალოს კვლევაში მონაწილე ოჯახები და თავიდან მოახდინოს მათი რეკრუტირება. აღნიშნული პროცესი მოითხოვს წინმსწრებ საბაზისო კვლევას შესარჩევი ოჯახების ათმაგი ოდენობით და მიღებული შედეგებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახალი ოჯახების რეკრუტირებას, რათა არ დაირღვეს კვლევის საერთაშორისო სტანდარტით აღებული ვალდებულებები. ამ პროცედურის განხორციელებას სჭირდება დრო და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ეს ყოველივე ფაქტობრივად იწვევს გამზომი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას. შესაბამისად, ჩვენ, დამკვეთი კომპანიები, მთელი ამ დროის მანძილზე დავრჩებით სარეიტინგო მონაცემების გარეშე. ვშიშობთ რომ, თუ არ შეიცვლება ამ საკითხისადმი საგადასახადო ორგანოს მიდგომა, საქართველოში შეუძლებელი იქნება ისეთი მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული კვლევის განხორციელება, რომელიც ბაზარს მიაწვდის მაღალი სანდოობის და სიზუსტის მონაცემებს. შედეგად, ყველა ჩვენგანს შეუმცირდება სარეკლამო დაკვეთები, მათ შორის იმ უცხოური ქსელური დამკვეთებისგან, ვინც უპირობოდ ითხოვს მსგავს მონაცემებს სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის. სარეკლამო ბაზარი, თავისი დღევანდელი მდგომარეობით, შეწყვეტს არსებობას და მნიშვნელოვნად შეფერხდება სამაუწყებლო და სარეკლამო ინდუსტრიების განვითარება" - აცხადებენ დამკვეთი კომპანიები და აღნიშნავენ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი დააზარალებს მთელს სარეკლამო ბაზარს, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გაყიდვის ობიექტი - ჯამური რეიტინგი შეწყვეტს არსებობას.

"მთლიანი ზარალი, რასაც გამოიწვევს ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით, მიაღწევს მილიონობით დოლარს. სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება, ტექნოლოგიურად ინდუსტრია უკან დაიხევს და 10-15 წლის წინანდელ რეალობაში აღმოჩნდება, ზარალი მიადგება ქვეყნის რეპუტაციას, ყველა ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრიდან, პრობლემა შეექმნება სარეკლამო სააგენტოების ცივილურად მუშაობის პროცესს, უცხოური ქსელური დამკვეთები შეამცირებენ იმ სარეკლამო ბიუჯეტებს, რომლებიც იხარჯება ჩვენს ქვეყანაში. ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი მოთხოვნა რესპოდენტი ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად მიღებაზე და არ დაუშვათ მისი ძალით ამოღება. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ თქვენს მიერ სიის ამოღების შემთხვევაში, მისი კონფიდენციალურობა იქნება გარანტირებული. თუმცა, ესეც რომ იყოს, თავისთავად თქვენს მიერ ოჯახების შემოწმება გამოიწვევს რესპოდენტთა ბუნებრივი ტელეყურების პროცესის დარღვევას. ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი თავად იტყვის უარს ტელეყურებადობის გაზომვის პროექტში მონაწილეობაზე. ყველა შემთხვევაში, სიების გადმოცემა, ყველა ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, გამოიწვევს კომპანიის საწარმოო პროცესის მინიმუმ შეფერხებას, რაც პირდაპირ იკრძალება საგადასახადო კანონმდებლობით" - აცხადებენ კომპანიები და რეკომენდაციას აძლევენ კომპანია TV MR საქართველოს -  არ გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ.

"მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ განიხილოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ინვენტარიზაციის და შემოწმების ალტერნატიული მეთოდები. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთავრობის ხელმძღვანელს ან ფინანსთა მინისტრს და ადგილზე მოვახსენოთ ჩვენი პოზიცია და არგუმენტები" - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

კომენტარები