TV MR საქართველოს დაჯარიმება

TV MR საქართველო საქმიანობას დროებით აჩერებს

ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი TV MR საქართველო საქმიანობას დროებით აჩერებს. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. TV MR საქართველო ამის მიზეზად გახშირებულ დაკითხვებს და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტას ასახელებს. კომპანიის ინფორმაციით, ტესტირებამ აჩვენა, რომ ტექნიკური პრობლემა ოფისს მიღმა წარმოიშვა.

"ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის გვიან ღამით დაკითხვებმა ჩვენს ოფისში, 5 და 7 პირის/გამომძიებლის მუდმივმა ყოფნამ ჩვენს ოფისში, ყველა ოთახში, დოკუმენტაციის მუდმივმა თვალიერებამ, უბრალოდ გაუსაძლისი პირობები შექმნა. თანამშრომლები არიან დათრგუნულები, თითოეული მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს ადამიანურ ძალებს აღემატება. 

ამას გარდა, გუშინ, ჩვენმა ცხრა მოდემმა ათიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ტესტები უჩვენებს, ჩვენი მოდემი ფუნქციონირებს გამართულად, და ტექნიკური პრობლემა ჩვენს ოფისს მიღმაა. წინასწარ, პრობლემის სრულად გააზრებისა და შესწავლის გარეშე არ გვსურს ეს პრობლემა ვინმეს დავაბრალოთ, ამიტომაც, როგორც კი გაირკვევა პრობლემის ნამდვილი შინაარსი, ამის შესახებ სრულად შეგატყობინებთ.

ამ ორი მიზეზის გამო, იძულებული ვართ შეგატყობინოთ, რომ ოფისი აჩერებს თავის საქმიანობას, რასაც გულისტკივილით გატყობინებთ. თუმცა, გაძლევთ პირობას:

ტექნოლოგიური და დამოუკიდებელი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევა იარსებებს საქართველოში

საქმიანობას გავაგრძელებთ იმ დღიდან, როცა დასრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი კოპანიის შემოწმება იმ ფორმებით, როგორითაც ის ხორციელდება დღეს, და როცა გვექნება ფიზიკური შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ოჯახებთან განვაახლოთ ნორმალური ყოველდღიური ურთიერთობა", - აცხადებს TV MR საქართველო.

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები