TV MR საქართველოს დაჯარიმება

ბოკერია: დამოუკიდებელი მედიის პოზიციები სარეკლამო ბაზარზე შესუსტდება

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერება არის პირველი შედეგი იმის, რომ რეალურად დამოუკიდებელი მედიის პოზიციები სარეკლამო ბაზარზე შესუსტდება.

"რადგან არ იარსებებს საერთაშორისო სერტიფიცირებული სანდო წყარო იმისა, ვის აქვს წარმატება, ვის უყურებს აუდიტორია. ეს არის უკვე დამდგარი, ძალიან სერიოზული პრობლემა. რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობა ენიჭება ამაზე ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც მთელი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების ამოცანა უნდა იყოს, წინ აღვუდგეთ ამ პროცესს", - თქვა ბოკერიამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ TV MR საქართველო საქმიანობას დროებით აჩერებს. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. TV MR საქართველო ამის მიზეზად გახშირებულ დაკითხვებს და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტას ასახელებს. 

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ "ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. ასევე, საქართველოს პარლამენტი. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები