ჩვენ ვირჩევთ ევროპას

ივერია: 13 აპრილის აქციის ორგანიზებაში ენმ-ს მონაწილეობა არ მიუღია

საზოგადოება ივერია აცხადებს, რომ 13 აპრილს, კანცელარიასთან ჩატარებული აქციის - „არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“ ორგანიზებასთან არც ნაციონალურ მოძრაობას და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კავშირი არ ჰქონია. საზოგადოება ივერია აქცია-კონცერტის "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" ორგანიზატორების დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

"თავს ვალდებულად მივიჩნევთ განვმარტოთ, რომ 13 აპრილს, კანცელარიის წინ ჩატარებული აქცია ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ივერიის" მიერ, მოძრაობა „დაბრუნებასთან“ ერთად. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქციის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონია. აქციას ესწრებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის იდეას იზიარებს. რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს აქცია „არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“ იმავე დღეს დაგეგმილი სხვა ღონისძიებისათვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად, გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ამ დღეს რაიმე სხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმებოდა. მეტიც, მას შემდეგ, რაც "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" შესახებ შევიტყვეთ, ჩვენი აქციის დრო ისე გადმოვწიეთ, რომ ამ ღონისძიებისთვის ხელი არ შეგვეშალა.
ასე რომ, ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს აქცია სახელწოდებით, "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" პოლიტიკური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების დისკრედიტაციას ემსახურებოდა, ყოვლად უსაფუძვლოა", - აცხადებს საზოგადოება ივერია.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები 13 აპრილს ჩატარებული აქციის - "ჩვენ ვირჩევთ ევროპა" პარალელურად, პოლიტიკოსთა აქტივობას აპროტესტებენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ განაცხადეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა აქცია - "არა კოლაბორაციონიზმს", რომელიც მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოება ივერიის ორგანიზებით ჩატარდა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას თქმით, კანცელარიის წინ გამართული აქცია ენმ-ის ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და ის იმავე დღეს არ უნდა შემდგარიყო.

"მიზანმიმართული ქმედებები ხდებოდა ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პარტიებთანაც გვქონდა შეთანხმება, რომ არცერთი პარტია იმ დღის ღონისძიებას მათი ინტერესებისთვის არ გამოიყენებდა. არა მგონია, რომ შემთხვევით დაემთხვა ეს აქციები 13 აპრილს. სამწუხაროდ, საზოგადოების რაღაც ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" პარტიული ღონისძიება იყო", - ამბობს ლომჯარია.

13 აპრილს, 16:00-ზე კანცელარიასთან საზოგადოება ივერიას ორგანიზებით გაიმართა აქცია "არა კოლაბორაციონიზმს". ხოლო, 18:00-ზე, რიყეზე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით აქცია-კონცერტი - "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". ამ უკანასკნელის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომლების თქმითაც, ყველა ინტერესის ადამიანი უნდა გაერთიანებულიყო ევროპის ასარჩევად. ვიდეომიმართვებს შორის, რომლითაც მოქალაქეები ევროპულ არჩევანს გამოხატავენ, თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას მიმართვაც არის, რომელიც დღემდე, NATO-ს და "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" წინააღმდეგია.

კომენტარები