ჟურნალისტების დაკავება

ოფიციალური მოსკოვი ქართველ ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

mid.ru

რუსეთის საგარეო უწყება საოკუპაციო ზოლთან დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ჟურნალისტებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს და ეს განგებ და დემონსტრაციულად გააკეთეს.

"ძნელია, ამას სხვა რამ ვუწოდოთ, გარდა დაგეგმილი აქციისა კარასინი-აბაშიძის დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ. ეს, ასევე ცრუ ცნობების გავრცელება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე ძალებსა და იმათ შორის, ვინც სააკაშვილის მტრულ კურსს იზიარებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ხელისუფლებას გადასცეს".

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები