ჟურნალისტების დაკავება

ზაქარეიშვილი: დაკავებულ ჟურნალისტებზე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

”დღესდღეობით, ამ მომენტისთვის, არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ვიცით სად იმყოფებიან ქართველი ჟურნალისტები და რა მდგომარეობაში არიან”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტების დაკავების თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონში ისე იოლად ვეღარ გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები, არსებობს გარკვეული ვადები, რამდენიმე დღე, რომლის დროსაც დე ფაქტო ხელისუფლება გარკვეულ პროცედურებს ახორციელებს. ეს არის ე.წ. სასამართლო, დაკითხვები და ა.შ.

”ამ დროს ჩვენთვის მთავარია, რომ მათ ჯანმრთელობას, პირობებს, საფრთხე არ შეექმნათ”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ქართველ ჟურნალისტებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ. 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები