ჟურნალისტების დაკავება

საგარეო უწყება: სწორედ ჟურნალისტების დაკავებაა რუსეთის მორიგი პროვოკაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ "სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია".

"საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - აცხადებს უწყება და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიმართა მათ მხარდაჭერის დაუყოვნებლივ აღმოჩენის თხოვნით. დაკავებული ჟურნალისტების საკითხი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ წამოწია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 16 აპრილს ქ. პრაღაში გამართული შეხვედრისას. საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტ კავშირშია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მოვლენათა განვითარების თაობაზე", - აღნიშნავს უწყება.

რუსეთის საგარეო უწყება საოკუპაციო ზოლთან დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ჟურნალისტებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს და ეს განგებ და დემონსტრაციულად გააკეთეს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

კომენტარები