ალექსანდრე ნინუას საქმე

ალექსანდრე ნინუა: პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს

რუსთავი 2

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას განცხადებით, პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს. ნინუა ციხიდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პროკურატურას უნდა დაასწროს“.

მისი თქმით, დაკავების მომენტიდან დღემდე, ოთხი თვის მანძილზე, უკვე მეოთხე პროკურორი ჰყავს და პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს საქმის გაწელვას. ნინუა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და არ სურს საქმის სასამართლომდე მიყვანა.

„მათ იციან, რომ სასამართლო ჩემი  მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გამამართლებს, თუ, რა თქმა უნდა, როდისმე ჩატარდება პროცესი. მე ვარ ჩვეულებრივი უკანონო პატიმარი და ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რჩებათ ერთი გამოსავალი, გამოძერწონ საქმე, რომელიც შთანთქავს 236-ე მუხლს და მე დავრჩები პატიმრობაში სულ სხვა მუხლით, ამას ველოდები ყოველ დღე. პროკურატურას მთავარ ამოცანად რჩება ჩემი პროტესტის გადაკეთება დანაშაულად. ვფიქრობდი, რომ ამ განცხადებებს ჩემით გავაკეთებდი გამოსვლის მერე, მაგრამ როგორც ჩანს, პროკურატურას უნდა დავასწრო“ - აცხადებს ნინუა და აღნიშნავს, რომ მეორე საქმეზე, რომელზეც ბრალი პროკურატურამ თებერვალში, 320-ე მუხლით წაუყენა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. მისი თქმით, ბრალდება საიდუმლო საქმის წარმოების წესების დარღვევას ეხება. ნინუას ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 2008 წლის ხელშეკრულებებზე, რომელთა 95% უცხოურ კომპანიებზეა გაფორმებული.

„მათ არ ჰქონდათ საიდუმლო დაშვება. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც იმ წელს შევიძინეთ. უნიკალური ხელშეკრულებებია და ომში მყოფი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ყველამ იცის, რაც ხდებოდა 2008 წელს საქართველოში, მათ შორის, პროკურატურამაც. ხალხი სიკვდილზე  მიდიოდა და მე თურმე, ბიოროკრატიულ-პროცედურული მიზეზით, ყველა შესყიდვა უნდა შემეჩერებინა. რა თქმა უნდა, ასე არ მოვქცეულვარ, რადგან ამ პროცედურაში ჩვენს მომწოდებლებს 2-6 თვე უნდა დაეკარგათ, გაეხსნათ საქართველოში თავისი წარმომადგენლობები და საიდუმლო ოთახები. ეს ყველაფერი შეუძლებელია და წარმოუდგენელი, რაც პროკურატურამაც იცის, ანუ სხვა გზა რეალურად არ არსებობდა“ - აცხადებს ნინუა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროკურატურის წარდგენილ საქმეში გაერთიანებულია მისი ხელმოწერილი 59 ხელშეკრულება, ხოლო ოფიციალურ მოწმეებად დასახელებულია მისი 11 თანამშრომელი, რომლებზეც, ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არასდროს დაუკითხავთ.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თქმით, აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა და სასამართლო პროცესი 1 მაისს არის ჩანიშნული.

„ეს საქმე პროკურატურას მზად ჰქონდა. ერთ მშვენიერ დღეს მე დამაკავებდნენ და პროკურატურა განაცხადებდა, რომ „ნინუა დაკავებულია იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებში არსებული ხარვეზების გამო. მათი ჯამური ღირებულებაა რამდენიმე მილიონი. ნინუამ დანაშაული აღიარა“.  იურიდიულად ყველაფერი მართალია, თან კარგად მიებმებოდა იმ დროისთვის მათივე დაკვეთით პრესაში აგორებულ თემას იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით.  ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა დავით კეზერაშვილი საფრანგეთში იყო დაკავებული და მის წინააღმდეგ შავი პიარი დუღდა. ეს კომბინაცია მის დანაშაულში დაარწმუნებდა მთელ საქართველოს და არამარტო. მე უნდა გავმხდარიყავი საფრანგეთში ჩემი მეგობრის და თბილისში ჩემი მეგობრების შავი, ბინძური და უსასრულო პიარის მთავარი ინსტრუმენტი. მე მწირავდნენ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრან დავასწარი“ - აცხადებს ნინუა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, უკანონო იარაღის ტარების ბრალდებით, დეკემბერში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. აღნიშნულს ნინუა დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში თავისი თანამშრომლების გამუდმებით დაკითხვებზე დაბარებებით ხსნიდა. ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, მას და მის თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოდნენ. ნინუას ინფორმაციით, დაკითხვები 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

„მერე ტემპმა იმატა, 2013-დან დაიწყეს ჩემი დაკითხვები ჯერ პროკურატურაში, მერე სამხედრო პოლიციაში, ფინანსურში და სულ სხვადასხვა საქმეებზე. ყველა საქმის მთავარი ინტერესი, ბუნებრივია, დათო კეზერაშვილზე რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება იყო. ყველაფერი ოქტომბერში გამწვავდა საფრანგეთის ამბების პარალელურად, ბიჭების დაბარებებიც და ჩემი დაკითხვებიც ყოველდღიურობად იქცა. ბიჭებს აღარ ეშვებოდნენ და გადავწყვიტე, პროტესტის ნიშნად გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. თავი დავაჭერინე პატრულს უკანონონო იარაღით, პატრულმა თავის საქმე კანონიერად შეასრულა, თუმცა, მე უამრავი მტკიცებულება დავტოვე და შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს ადვოკატებს არ გაუჭირდეთ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება. მე ავიღე უკანონო იარაღი, გადავეცი პატრულის ეკიპაჟს და ვისარგებლე დუმილის უფლებით ადვოკატის მოსვლამდე. მესამე დღეს სასამართლოზე განვაცხადე პროტესტის შესახებ და უარი ვთქვი გირაოზე ან საპროცესო შეთანხმებაზე, პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობა და აქ დაუშვეს პირველი შეცდომა. დამაპატიმრეს და მეორე დღეს, პროკურატურამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მე მხოლოდ ერთხელ დამიბარეს და ისიც FBI-ს მოთხოვნით, ხოლო ჩემი თანამშრომლები არასდროს დაუკითხავთ და არც საქმეები არსებობს. ეს იყო მათი მეორე და მთავარი შეცდომა - ტყუილი“ - აცხადებს ნინუა და აღნიშნავს, რომ დაკითხვაზე არაერთხელ მისულა და ამის მოწმეებიც ჰყავს. ნინუას ინფორმაციითვე, მისი დაკავების შემდეგ, არც ერთი თანამშრომელი აღარ დაუკითხავთ „ანუ ეს საქმეები უკვე მზად იყო“. 

კომენტარები