ზაქარეიშვილი: რუსეთი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეცდომებს იყენებს

რუსეთი NATO-ს გაფართოების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას არასდროს მალავდა, - აღნიშნა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების შეფასებისას. როგორც პუტინი აღნიშნავს, ყირიმში რუსეთის ქმედებები, ნაწილობრივ, NATO-ს გაფართოების გეგმამ განაპირობა.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას ბალტიისპირეთის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა.

„სხვათა შორის, მედვედევმაც აღნიშნა, რომ მათ NATO-ში ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანება ასევე არ მოეწონათ. მერე რა, ჩვენ მაინც მივდივართ იქით. ბუნებრივია, გამოწვევები არის. რუსეთი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელისუფლების შეცდომებზე ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შეცდომები არ დავუშვათ, დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ მყარად, მკაფიოდ ვიმოძრაოთ. ჩვენ თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვერევა. ჩვენი ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად შეცდომა არ დაგვიშვია", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები