გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: გიგა გიორგაძემ იცრუა

Gigi Ugulava
Tabula

გიგი უგულავას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ დღევანდელ პროცესზე იცრუა. როგორც გაბაიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ბრალდების მხარის მოწმემ კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩვენება მისცა.

"გიორგაძემ სასამართლოზე განაცხადა, თითქოს ალექსანდრე ფარულავას ურეკავდა გიგი უგულავა და ეს მოისმინა მან ალექსანდრე ფარულავასგან, თითქოს მითითებებს იძლეოდა გიგი უგულავა, თუ როგორ უნდა წარემართა ვახო სანაიას გადაცემა ტელეიმედში. ეს არის სიცრუე, რადგან ალექსანდრე ფარულავა დაცვის მხარემ გამოკითხა, მან კატეგორიულად უარყო მსგავსი ტიპის განცხადება და აღნიშნა, რომ არაფერი უთქვამს გიგა გიორგაძისთვის. გიორგაძემ ასევე დღევანდელ ჩვენებაში განაცხადა, რომ ნანა ინწკირველსაც მითითებებს აძლევდა ზურაბ ადეიშვილი. ჩვენ გამოვკითხეთ ნანა ინწკირველიც, რომელიც როცა დრო მოვა, დაცვის მოწმეების დაკითხვისას სასამართლოს განუცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გიგა გიორგაძე იყო ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე იცრუა", - აღნიშნა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის პროცესზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და ტელეიმედის იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგა გიორგაძე დაკითხეს. გიორგაძემ თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ტელეიმედის საქმიანობაში ერეოდნენ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე -  ნოტარიუსიც დაკითხეს. ის, პროკურორის ინფორმაციით, იმ სანოტარო ბიუროს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა ტელეიმედის გასხვისებისა და შემდეგ გამოსყიდვის საკითხზე.

ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება. მომავალ პროცესზეც ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. 

კომენტარები