პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში

პრეზიდენტი: აგვისტოს ომის დროს თავდაცვისუნარიანობას საფრთხე შეექმნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში ვიზიტისას, კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენციაზე - ”ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინტერნეტი ყველასათვის” - სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, არა მარტო ქვეყანაზე განხორციელებული სამხედრო შეტევა, არამედ მის კიბერსივრცეზე თავდასხმაც იყო.

"ჩვენს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას საფრთხე შეექმნა, როდესაც ჩვენ ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან ომში. ეს ომი იყო ფიზიკური, იყო რეალური, მაგრამ ამავე დროს ომი აქტიურად მიდიოდა ინტერნეტსივრცეშიც და ეს იყო გზა, რომლითაც აღმოვაჩინეთ, რომ ვიყავით ნაკლებად დაცულები, ნაკლებად ვიცოდით ამ საფრთხეების შესახებ, რადგან არეალი ჩვენი იდენტობის, ჩვენი არსის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, აღმოჩნდა ძალიან მყიფე და ის გახდა კიდევ ერთი აგრესიის ობიექტი", - თქვა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ Google-ის საძიებო სისტემაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა მოხსენიებული.

"2008 წლის კონფლიქტის შედეგად საქართველომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, დაახლოებით 500 000 ადამიანს მოუწია ამ რეგიონის დატოვება. ახლა კი, როდესაც Google-ის საძიებო სისტემაში ვეძებთ აფხაზეთს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ერთ-ერთი ნაწილია, ის Google-ში მოცემულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ეს არის ის პრობლემატური საკითხი ჩვენთვის, რაზეც ვსაუბრობდი - როგორ უნდა განისაზღვროს, სად არის საზღვარი თავისუფლებასა და ამ უფლების სხვათა უფლებების დარღვევის გარეშე რეალიზაციას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა თქვენი, ექსპერტების აზრი - როგორ გადავჭრათ ეს საკითხები და ვიცხოვროთ უკეთეს მსოფლიოში მეტი კომუნიკაციისა და დაბრკოლებათა ერთად გადალახვის გზით", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები