ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

ღარიბაშვილი: მამაოებს კანონპროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ

„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით დამატებითი უფლებები არავის მიენიჭება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს, სასულიერო პირებთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის დეტალური განმარტება დაავალა.

„ორი დღის განმავლობაში შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს, მამაოებს კანონპროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. სასულიერო პირების ერთ-ერთი წუხილი ის არის, რომ ამ კანონპროექტით ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება ხდება და რომ ქვეყანაში პროპაგანდა ან რაღაც საშინელება დაიწყება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღნიშნული კანონპროექტით რაიმე უკანონო არ დაკანონდება, პროპაგაგანდის საშუალება არავის მიეცემა და დამატებითი უფლებები არავის მიენიჭება“, - განმარტავს პრემიერი.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სასულიერო პირების მეორე მთავარი წუხილი ის არის, რომ თითქოს მათ ქადაგება აეკრძალებათ. პრემიერის მტკიცებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ კანონის მიხედვით არავის და, პირველ რიგში, ეკლესიას ქადაგების უფლება არ შეეზღუდება. აღნიშნული კანონი სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას არ ეხება და ამ მიზნით კანონპროექტში ცალკე მუხლი შევიტანეთ. შესაბამისად, როგორც მთავრობის მეთაური და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლება არც ანტიეროვნულ და არც ანტისახელმწიფოებრივ კანონს არ მიიღებს. არავითარი საფრთხე არ არსებობს, რომ ამ კანონით ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ტრადიციებსა და ფასეულობებს საფრთხეს შევუქმნით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები